ესპანური მედია - კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში ჩარევის საქმეზე რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს
ესპანური მედია - კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში ჩარევის საქმეზე რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

ესპანური მედიის ცნობით, კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმში ჩარევის საქმეზე რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. როგორც „ელ მუნდო“ იუწყება გამოძების ფარგლებში პირველი ეჭვმიტანილები შარშან ოქტომბერში დააპატიმრეს.

ესპანურენოვანი გამოცემა წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის ორი მოქალაქე ჟირონას პროვინციაში დააკავეს, როდესაც ისინი მანქანით საფრანგეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. მათი მანქანა ბელარუსში იყო დარეგისტრირებული. დაკავებულებიდან ერთ-ერთს პორტფელში რუსული ყუმბარა აღმოაჩნდა.

დაკავებულებს ბრალი იარაღის უკანონო ტარებაში წაუყენეს. ამას გარდა, დაკავებულები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები. კერძოდ უკრაინელს და რუსს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ ამ გზით ისინი ესპანეთში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის მთავრობამ კატალონიაში 2017 წელს ჩატარებულ რეფერენდუმში რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო ჩარევის გამოსავლენად გამოძიება დაიწყო.

ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლები ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში ამტკიცებდნენ, რომ ესპანეთში ადამიანების რამდენიმე ჯგუფი რუსეთი სასარგებლოდ მოქმედებს. მადრიდში ამტკიცებენ, რომ ეს ჯგუფები სოციალური ქსელებისა და სხვა ინტერნეტრესურსების გამოყენებით კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ პროპაგანდას ავრცელებდნენ.

ესპანეთში რუსეთის ელჩმა ესპანური მედიის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სიცრუე უწოდა.