ესპანური მედია ევრო 2023-ის ფინალზე - არბიტრმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, ინგლისმა გოლი წესების დარღვევით გაიტანა #1TVSPORT
ევრო 2023-ის ფინალში, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, მთავარმა არბიტრმა და VAR-მა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც ინგლისის გოლი ჩათვალეს, – ამის შესახებ წერილს ესპანური გამოცემა Mundo Deportivo აქვეყნებს.
„ინგლისელებმა შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე საჯარიმო დარტყმით მოახერხეს დაწინაურება – კოულ პალმერის დარტყმის შემდეგ ბურთს კურტის ჯონსი შეეხო, შეიცვალა ტრაექტორია, კარში შევარდა და ინგლისს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება მოუტანა.
ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან ჯონსი, ისევე როგორც მეორე ინგლისელი ფეხბურთელი, „ცოცხალი კედლის“ წინ წესის დარღვევით იდგა. ფეხბურთის თამაშის წესებში წერია: „როდესაც დამცავი გუნდის სამი ან მეტი მოთამაშე ქმნის „ცოცხალ კედელს“, შემტევი გუნდის ყველა მოთამაშე უნდა დარჩეს მისგან, მინიმუმ, ერთი მეტრის დაშორებით, სანამ ბურთი თამაშში არაა“.
მომენტის ფოტო ეჭვს არ გვიტოვებს. ესპანეთის „ცოცხალი კედელი“ ექვსი მოთამაშისგან შედგებოდა, მაგრამ მათ წინ მყოფი ორი ინგლისელი მოთამაშე არ იცავს სავალდებულო ერთმეტრიან მანძილს.
ნორვეგიელ მსაჯს, ესპან ესკასს ინგლისის გოლი უნდა გაეუქმებინა და ესპანეთის სასარგებლოდ ჯარიმა დაენიშნა. გასაკვირია ისიც, რომ VAR-ის მხრიდან, სადაც გერმანელი კრისტიან დინგერტი და პოლონელი ბარტოშ ფრანკოვსკი მუშაობდნენ, რეაქცია არ იყო და მსაჯს გოლის გაუქმებისკენ არ მოუწოდეს. არადა, უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მომენტი VAR-ის ოთახში გადამოწმდა“, – წერს ესპანური გამოცემა.