ესპანური პრიმერა დივიზიონის საფეხბურთო კლუბ „ესპანიოლში“ ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს ხელფასები 70%-ით შეუმცირეს, რისი მიზეზიც ჩემპიონატის შეჩერება გახდა.
„ყველა, ვისაც ეს ზომა შეეხო, ჯეროვნად არის ინფორმირებული. ისინი ამ საკითხს გაგებითა და პატივისცემით შეხვდნენ, რის გამოც კლუბი მათ მადლობას უხდის. გუნდი აცნობიერებს სიტუაციის დელიკატურობას და ამჟღავნებს მზადყოფნას მოლაპარაკებებისადმი, რადიკალური ზომების მიღების გარეშე“, – ნათქვამია „ესპანიოლის“ ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ბილბაოს „ატლეტიკის“ მცველმა იური ბერიჩემ ფეხბურთელებს საკუთარი ნებით ხელფასების ნაწილის დათმობისკენ მოუწოდა, თუმცა კლუბმა განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი არ არის.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპული ჩემპიონატები განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული.