ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მმართველი სოციალისტების პარტია ჩამორჩება კონსერვატიულ „სახალხო პარტიას“, რომელსაც ალბერტო ნუნიეს ფეიხოო ხელმძღვანელობს. ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ საარჩევნო კამპანიის დროს ეჭვი შეიტანა საფოსტო ხმების მართვაში, რომელიც გაიზარდა დაახლოებით 2.5 მილიონამდე.

ესპანეთის დანარჩენი 37 მილიონი ამომრჩევლისთვის კენჭისყრა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე დაიწყო და საარჩევნო უბნები 20:00 საათამდე დაიხურება.

კონსერვატიულ ლიდერს სურს, გააუქმოს სოციალისტების მრავალი რეფორმა, მაგრამ არსებული მონაცემებით, „სახალხო პარტიას“ შესაძლოა, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის“ მხარდაჭერა დასჭირდეს.

„ვოქსის“ ლიდერი, სანტიაგო აბასკალი ესპანელი ნაციონალისტია, რომლის პოპულარობა განპირობებულია კატალონიური სეპარატიზმისა და ფემინიზმისადმი მკაცრი წინააღმდეგობით, ისევე როგორც ანტიემიგრაციული პოლიტიკით.

სოციალისტი პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. სანჩესი იმედოვნებს, რომ მისი მთავრობის სოციალური რეფორმები, კრიზისებისა და ეკონომიკის მართვა დაარწმუნებს ამომრჩევლებს, დატოვონ იგი თანამდებობაზე.