ესპანეთში ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით ესპანურ-ქართული დაჯგუფების წევრები დააკავეს
ესპანეთში ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით ესპანურ-ქართული დაჯგუფების წევრები დააკავეს

ესპანეთში ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით ესპანურ-ქართული ჯგუფის წევრები დააკავეს. ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოთხი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის სამიზნე ხანშიშესული და დემენციით დაავადებული ადამიანები იყვნენ. ბარსელონის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი 2017 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა ამ ჯგუფის საქმეზე.

მათივე ცნობით, ჯგუფის წევრებს შორის სამი მამაკაცი და ერთი ქალია.

როგორც პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, თაღლითური ჯგუფის სამოქმედო გეგმა ასე გამოიყურებოდა: ისინი ურეკავდნენ პოტენციურ მსხვერპლს და შემოწმების სამსახურად ეცნობოდნენ. ამის შემდეგ, უნიფორმაში გამოწყობილები მსხვერპლთან მიდიოდნენ და სანამ ერთი მას ლაპარაკით ართობდა, დაჯგუფების დანარჩენი წევრები სახლიდან ძვირფასეულობასა და ფულს იპარავდნენ.

პოლიციის ცნობით, ამ დრომდე დაჯგუფებამ 21 სახლის გაძარცვა მოახერხა.