ესპანეთში „ქართული მაფიის“ წევრობაში ეჭვმიტანილი 26 პირი დააკავეს
ესპანეთში „ქართული მაფიის“ წევრობაში ეჭვმიტანილი 26 პირი დააკავეს

მადრიდსა და კატალონიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ 26 პიროვნება დააკავა, 13 ობიექტზე კი ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Periodico აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ დაკავებულები „ქართული მაფიის“ წევრები არიან.  „ქართული მაფია“ ესპანეთში რამდენიმე წელია მოქმედებს.

სპეცოპერაცია ესპანეთის დედაქალაქის გარდა ბარსელონის ოთხ რაიონში ჩატარდა.

El Periodico-ს ინფორმაციით, „ქართული მაფია“ ევროპაში ერთ-ერთი ფესვგადგმული მაფიაა. კრიმინალური ბანდა ძირითადად ფულის გათეთრებით იყო დაკავებული, რომელსაც სათავეში ე.წ. „კანონიერი ქურდი“ კახაბერ შუშანაშვილი ედგა. იგი 2010 წელს ბარსელონაში დააკავეს და სასჯელს საფრანგეთში იხდის. მაშინ საფრანგეთისა და ესპანეთში სამართალდამცავმა ორგანოებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, სახელწოდებით Java.

აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში, 2010 წელს 85 ადამიანი დააკავეს. ისინი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფულს ათეთრებდნენ. Java-ს ფარგლებში გამოვლინდა, რომ ამ ბანდის წევრები 24 მილიონად შეფასებულ ქონებას ფლობდნენ, მათ შორისაა სასტუმროები, სავაჭრო ცენტრი, 30 საცხოვრებელი სახლი, ავტოფარეხები, რომელთა უმეტესობა კატალონიის ქალაქებში მდებარეობს.