ესპანეთში პოლიციამ დააკავა რეპერი, რომელსაც სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი
ესპანეთში პოლიციამ დააკავა რეპერი, რომელსაც სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი

ესპანეთის ქალაქ ლერიდაში პოლიციამ დააკავა რეპერი პაბლო ჰასელი, რომელსაც სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. პოლიციამ რეპერი ლერიდას უნივერსიტეტში დააკავა, რომელსაც ეს უკანასკნელი მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად თავს აფარებდა.

რეპერისთვის პოლიციაში გამოცხადების ვადა 12 თებერვალს ამოიწურა.

მომღერალი 2018 წელს დამნაშავედ ცნეს სიმღერის ტექსტებში და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აკრძალული დაჯგუფებების ქებასა და სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისთვის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ჰასელი სასამართლოს ნაცისტურს უწოდებდა, ხოლო ყოფილ მეფეს ხუან კარლოსს – მაფიის ბოსს.

პაბლო ჰასელის მომხრეები მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. რეპერის მხარდამჭერ პეტიციას 200-ზე მეტმა ხელოვანმა მოაწერა ხელი, მათ შორის რეჟისორმა პედრო ალმადოვარმა და მსახიობმა ხავიერ ბარდემმა.