ესპანეთში კორონავირუსის გამო კომენდანტის საათის დაწესებას არ გამორიცხავენ
ესპანეთში კორონავირუსის გამო კომენდანტის საათის დაწესებას არ გამორიცხავენ

ესპანეთის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების მზარდი მაჩვენებლის გამო ახალი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის დაწესებას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრ სალვატორ ილიამზე დაყრდნობით წერს.

შეზღუდვების დაწესება იგეგმება იმ რეგიონებში, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია, მათ შორის მადრიდში.

„ჩვენ წინ ძალიან რთული კვირები გველოდება, ზამთარი მოდის. მეორე ტალღა აღარ არის საფრთხე, ეს არის რეალობა მთელ ევროპაში“, – განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მადრიდში კომენდანტის საათის დასაწესებლად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იქნება საჭირო. ამისთვის კი პარლამენტში ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაა აუცილებელი.

ესპანეთი ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა. ვარაუდობენ, რომ მიმდინარე კვირაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა ქვეყანაში ერთ მილიონს გადააჭარბებს.

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 873 შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, საერთო შემთხვევების რაოდენობა 988 322-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 40 ინფიცირებული, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 34 210-მდე გაიზარდა.