ესპანეთში ფერმერებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს
ესპანეთში ფერმერებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს

ესპანეთში ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება. პროტესტის მონაწილეებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს. როგორც მედია წერს, ისინი გზებზე ტრაქტორებით გადაადგილდებოდნენ, რამაც მოძრაობა შეაფერხა.

კონკრეტულად, აქციის მონაწილეებმა აღმოსავლეთ ესპანეთში ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე ქალაქებშია შეფერხებული, მათ შორის ცენტრალურ ავილაში.

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღვინოს და ესპანურ პროდუქტებს, რადგან არასაკმარისი ანაზღაურება გვაქვს. ჩვენი პროდუქციის ფასები ძალიან დაბალია, თუმცა გაზის ფასი თითქმის ასი პროცენტით გაიზარდა. ასე დარჩენა შეუძლებელია. ევროკავშირმა რაღაცები უნდა შეცვალოს“, – აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ესპანელი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვასა და საწვავის ფასების შემცირებას ითხოვენ. ფერმერების საპროტესტო აქციები იმართება საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და პორტუგალიაშიც.