ესპანეთში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა, იბიცის აეროპორტში 27 რეისი გაუქმდა, ვალენსიისა და ალიკანტეს პროვინციებში სასწავლო პროცესი შეჩერდა
ესპანეთში ძლიერი შტორმის, „დანა ადამის“ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ვალენსიასა და ალიკანტეში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს.
ვალენსიისა და ალიკანტეს პროვინციების ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ასევე ბალეარის კუნძულებზე დღეს სასწავლო პროცესი შეჩერდა. ბალეარის კუნძულებზე საგანგებო სამსახურების დასახმარებლად სამხედროებიც გააგზავნეს.
მეხანძრე-მაშველებმა დღეს ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც ბარსელონაში წყალმა გაიტაცა.
კიდევ ერთი ქალის ცხედარი 18 ოქტომბრის საღამოს ვალენსიაში, ზღვაში იპოვეს.
ესპანეთის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის ინფორმაციით, იბიცასა და მალიორკაზე სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც ჩაერთნენ.
ქალაქ პალმაში ადგილობრივი ხელისუფლება დატბორვის მაღალი რისკის ზონებში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს. ამის მიზეზი მთის მდინარეებში წყლის დონის შესაძლო მატებაა.
სტიქიამ საჰაერო მიმოსვლაც შეაფერხა. 18 ოქტომბერს იბიცის აეროპორტში 27 რეისი გაუქმდა, ხოლო 16 რეისი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. შეფერხებები შეეხო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს.
ვალენსიის რეგიონული მთავრობის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრმა გაფრთხილება გაავრცელა იმ რაიონებისთვის, სადაც ხანგრძლივი წვიმისა და წყალდიდობის საფრთხის გამო განგაშის წითელი დონე მოქმედებს. პროგნოზის თანახმად, მომდევნო 24 საათის განმავლობაში, შესაძლოა, ერთ კვადრატულ მეტრზე 300 ლიტრზე მეტი ნალექი მოვიდეს. ხელისუფლება მოსახლეობას მდინარეების ნაპირებიდან გადმოსვლის საფრთხის შესახებაც აფრთხილებს.
მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და მოერიდონ მდინარეებს, ხევებს, სანაპირო ზოლებსა და სხვა სახიფათო ტერიტორიებს.