ესპანეთში დაკავებული რეპერის მხარდამჭერების აქციაზე ათი ადამიანი დააკავეს
ესპანეთში დაკავებული რეპერის მხარდამჭერების აქციაზე ათი ადამიანი დააკავეს

ესპანეთში საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ათი ადამიანი დააკავეს. აქცია ბარსელონაში ადგილობრივი რეპერის, პაბლო ჰასელის დაპატიმრების გამო და მისი გათავისუფლების მოთხოვნით კლავ გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შაბათ საღამოს სამართალდამცველებმა მომიტინგეების დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მისამართით ბოთლების სროლა, პოლიციის ავტომობილებისთვის ცეცხლის წაკიდება და მაღაზიების ფანჯრების ჩამსხვრევა დაიწყეს.

მანამდე კი, დაახლოებიით ორმა ათასმა დემონსტრანტმა ქალაქის ქუჩებში რეპერის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა მოაწყო.

ესპანელი რეპერის, პაბლო ჰასელის დაკავების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ადამიანი დააკავეს.

ესპანეთის სასამართლომ რეპერი პაბლო ჰასელი მონარქიის შეურაცხყოფასა და ტერორისტული ძალადობის წახალისებაში დამნაშავედ ცნო და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პაბლო ჰასელის მომხრეები მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.