ესპანეთმა რუმინეთი დაამარცხა
ესპანეთმა რუმინეთი დაამარცხა

“რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეორე ტურის მატჩში, ესპანეთმა რუმინეთს უმასპინძლა და 22:10 სძლია. ამ გამარჯვებით “ლომებმა” მსოფლიო თასისკენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.

მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მატჩის საწყის 10 წუთში დადებული ლელოებით მოიპოვეს (აუზკი 4′, ლინკლატერი 8′). ტაიმის დასრულებამდე გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს – 13:3.

მეორე ტაიმში ესპანელებმა რუმინელთა უდისციპლინობით კარგად ისარგებლეს და უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. 76-ე წუთამდე “ლომებმა” მეტოქეს 3 უპასუხო ჯარიმა გაუტანეს და კომფორტული, 19 ქულიანი უპირატესობა მიიღეს.

შეხვედრის მიწურულს ლელო რუმინეთმაც დადო (კინიკინილაუ 77′) და გარდასახვაც ზუსტად შეასრულდა, თუმცა მატჩის შედეგზე ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა ვერ მოახდინა. საბოლოო ანგარიში – ესპანეთი 22:10 რუმინეთი.

“რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” რუმინეთისათვის გადასწრებით, ესპანელები მსოფლიო თასზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

ამ შემთხვევაში რუმინეთს სამოასთან დაპირისპირება მოუწევს და თუკი ამ ეტაპს ვერ დასძლევენ, რეპეშაჟში განწესდებიან.