ესპანეთმა ლამინ იამალის დუბლით საფრანგეთს მოუგო და ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთმა ლამინ იამალის დუბლით საფრანგეთს მოუგო და ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

ერთა ლიგის „ოთხთა ფინალში“ მეორე ფინალისტიც გაირკვა. შტუტგარტში ესპანეთის ნაკრებმა ცხრაგოლიან მატჩში 5:4 დაამარცხა საფრანგეთი და ფინალში პორტუგალიას შეხვდება. მატჩი 23 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა სამ წუთში ორი გოლის გატანა შეძლო.

22-ე წუთზე „ბილბაოს“ გარემარბმა, ნიკო უილიამსმა ხელსაყრელი პოზიციიდან ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში.

25-ე წუთზე „არსენალის“ ნახევარმცელმა, მიკელ მერინომ გააორმაგა ესპანეთის უპირატესობა, როცა ერთი ერთზე გასვლა გამოიყენა. ორივე გოლისას შედეგიანი გადაცემა შეასრულა მიკელ ოიარსაბალმა.

მეორე ტაიმში ესპანეთმა ისევ მოკლე ინტერვალში გაიტანა ორი გოლი.

54-ე წუთზე „ბარსელონას“ გარემარბმა, ლამინ იამალმა გამოიყენა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი.

55-ე წუთზე ნიკო უილიამსმა გოლს შედეგიანი გადაცემა დაუმატა – მან საჯარიმოში შერბენილ პედრის გაატანინა.

საფრანგეთის ნაკრებმა ოდნავ დაუბრუნა მატჩს ინტრიგა, როცა კილიან მბაპე პედრო პორომ წააქცია საჯარიმოში და „რეალის“ ფორარდმა თავად გამოიყენა პენალტი.

მიზერული ინტრიგა ძალაში მხოლოდ რვა წუთი იყო. 67-ე წუთზე იამალმა პოროსგან მიიღო ბურთი და პრაქტიკულად წაქცეულმა გაიტანა შორეულ კუთხეში, რითიც დუბლი შეასრულა.

საფრანგეთის ნაკრები მარცხს არ შეეგუა და დარჩენილ დროში სამი გოლი გაიტანა.

79-ე წუთზე რაიან შერკიმ ულამაზესი გოლით აღნიშნა საკუთარი დებიუტი და ანგარიში შეამცირა. საგოლე გადაცემა მბაპემ შეასრულა.

ამას მოჰყვა მალო გუსტოს ჩაწოდების შემდეგ ვივიანის ავტოგოლი.

კომპენსირებულ დროში რანდალ კოლო მუანიმ სასწაულს მიაახლოვა თავისი გუნდი, მაგრამ საფრანგეთს დრო არ ეყო დამატებით დროში გადასასვლელად.

ესპანეთი 8 ივნისს ფინალში პორტუგალიას შეხვდება. ამავე დღეს მე-3 ადგილისთვის მატჩში ითამაშებენ გერმანია და საფრანგეთი.