ესპანეთმა ფინალში არგენტინა დაამარცხა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
2010 წლის შემდეგ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ამიერიდან გულზე ორი ვარსკვლავით ითამაშებს. ესპანეთი-არგენტინა 1:0.
ფინალამდე ესპანეთს ერთადერთი გოლი ჰქონდა გაშვებული, არგენტინას – ყველა მატჩი მოგებული. მოედანზე მუნდიალის ორი საუკეთესო გუნდი იყო, შესაბამისად, მატჩიც საკმარისზე მეტად დაძაბული და ფრთხილი გამოდგა – ორივე გუნდის მთავარი ამოცანა გოლის არგაშვება იყო. არგენტინელები საკუთარ ნახევარზე მწყობრი თამაშით ცდილობდნენ კარის „მშრალად“ შენახვას, ესპანელები – ბურთის კონტროლით.
შედეგიც სახეზეა – 90 წუთის შემდეგ ტაბლოზე 0:0 ეწერა. მატჩი ექსტრატაიმში გადავიდა. დამატებით დროს არგენტინა 10 ფეხბურთელით შეხვდა – მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წითელი ბარათი მიიღო ენცო ფერნანდესმა.

საინტერესო პარალელი: მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატიც ამერიკაში ჩატარდა, მაშინაც ძალიან ცხელოდა და ფინალის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ბრაზილიამ იტალია დაამარცხა და მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.
მუნდიალი ამჯერადაც ამერიკაში ჩატარდა, ახლაც ძალიან ცხელოდა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. თუმცა ამჯერად საქმე პენალტებამდე არ მივიდა, გოლი დამატებით დროში, 106-ე წუთზე გავიდა – ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონობა ფერან ტორესმა მოუტანა. ეს მისთვის პირველი გოლი იყო მიმდინარე მუნდიალზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 106-ე წუთამდე არგენტინას მეტოქის კარისკენ ერთხელაც არ ჰქონდა დარტყმული. დარჩენილ დროში მესის წინამძღოლობით ბევრს ეცადა, მაგრამ ესპანეთს ვერც მან გაუტანა.
