ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ესპანეთი მზადაა, ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებაში კონსტრუქციული როლი შეასრულოს
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ესპანეთი მზადაა, ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებაში კონსტრუქციული როლი შეასრულოს

დიალოგი და თანამშრომლობა როგორც ევროპის, ასევე ჩინეთის ინტერესებშია, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ჰანჯოუში ჩინელ კოლეგასთან, ვანგ ისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას პასუხობს ესპანეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ნატო-დან გაგდების შესახებ, ალბარესმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ალიანსის სანდო მოკავშირეა, რომელსაც ამჟამად 3 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული აღმოსავლეთ ფლანგზე.

„ესპანეთი ალიანსის სანდო წევრია და ამჟამად ნატო-ს ფარგლებში 3 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში ესპანეთის ერთგულებასა და წვლილში ეჭვი არ არსებობს“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა პარტნიორობის განვითარებაზე უნდა იმუშაონ.

„არსებულ ვითარებაში ჩინეთმა და ევროკავშირმა კიდევ უფრო მტკიცედ უნდა შეინარჩუნონ პარტნიორობა, პატივი სცენ ერთმანეთს, გააძლიერონ კომუნიკაცია, გააძლიერონ ორმხრივი ნდობა და ერთობლივად გაუმკლავდნენ სხვადასხვა გამოწვევას“, – განაცხადა ვანგ იმ.