ესპანეთის ქალაქებში, რეპერ პაბლო ჰასელის მხარდამჭერ აქციებზე დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ
ესპანეთის ქალაქებში, რეპერ პაბლო ჰასელის მხარდამჭერ აქციებზე დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში რეპერ პაბლო ჰასელის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„პაბლო ჰასელი, თავისუფლება“, „ესპანური მედია, მანიპულატორები“, – სკანდირებდა კატალონიის რეგიონის ქალაქ ბარსელონაში შეკრებილი ასობით მოქალაქე.

ბარსელონას ცენტრალურ მოედანზე დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს და პოლიციას ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ. ქალაქ ვალენსიაში აქციის მონაწილეების დასაშლელად ხელკეტები გამოიყენეს და ათამდე ადამიანი დააკავეს.

პაბლო ჰასელის დაკავების შემდეგ, ესპანეთში საერთო ჯამში 80-მდე ადამიანი დააკავეს, 100-ზე მეტი კი დაშავდა. რეპერის მომხრეების განცხადებით, ჰასელის დაკავება სიტყვის თავისუფლების უფლებას არღვევს.

ესპანეთის მმართველი კოალიციის პარტნიორმა ულტრამემარცხენე პარტია „უნიდას პოდემოსმა“ პაბლო ჰასელის სრული შეწყალების პეტიცია შექმნა.

ესპანეთის მართლმსაჯულება რეპერ პაბლო ჰასელს მონარქიის შეურაცხყოფასა და ტერორისტული ძალადობის წახალისებაში სდებს ბრალს.

დატოვე კომენტარი