ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლე ბეგონია გომესი გამოძიების ფარგლებში სასამართლოში დაიბარეს პასპორტის ჩამოსართმევად

16:00, 22.06.2026

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლე ბეგონია გომესი, გამოძიების ფარგლებში სასამართლოში დაიბარეს პასპორტის ჩამოსართმევად. ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერს.

დოკუმენტის თანახმად, მოსამართლე ხუან კარლოს პეინადომ ბეგონია გომესი 24 ივნისს, 18:00 საათზე სასამართლოში დაიბარა, რათა მას პასპორტი ჩამოართვას. ასევე, მას მოსთხოვეს განაცხადოს, აქვს თუ არა სხვა პასპორტები – დიპლომატიური ან სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტი.

გარდა ამისა, სასამართლოში დაიბარეს პრემიერ-მინისტრის მეუღლის მრჩეველი კრისტინა ალვარესი.

ცნობისთვის,19 ივნისს ესპანეთის სასამართლომ ბეგონია გომესის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო ევროკავშირის სახსრებთან დაკავშირებული შესაძლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის საქმეზე.

20 ივნისს მას ქვეყნის დატოვება აუკრძალეს, კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესის მომზადების ფარგლებში და დაავალეს თვეში ორჯერ გამოცხადდეს სასამართლოში.

პედრო სანჩესის პარტიის წარმომადგენლები მწვავედ აკრიტიკებენ მოსამართლეს და აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის მეუღლის მიმართ მიმდინარეობს უსამართლო და მიკერძოებული დევნა.

მსგავსი