ესპანეთის პრემიერ-მინისტრი უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. პრემიერის გადაყენების ინიციატივით ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ გამოვიდა.

პარლამენტში კენჭისყრას წინ 14-საათიანი დებატები უძღოდა.

პედრო სანჩესის „სოციალისტური მშრომელთა პარტია“ კოალიციაში იმყოფება მემარცხენე ფრთის ალტერნატიულ ალიანსთან – „ჩვენ შეგვიძლია“ და ასევე სარგებლობს კატალონიური და ბასკური მცირე პარტიების მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებამდე ორი თვით ადრე დადგა დღის წესრიგში. ეს სანჩესის გადაყენების უკვე რიგით მეორე მცდელობა იყო. პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებას 350-მანდატიანი პარლამენტის 53-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 201 კი წინააღმდეგი იყო. თავი შეიკავა 91-მა წევრმა. ულტრამემარჯვენე პარტია პრემიერს არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობასა და კატალონიურ და ბასკურ პარტიებთან ზედმეტ სიახლოვეში სდებს ბრალს.