ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი თავის გარემოცვასთან დაკავშირებულ კორუფციულ საკითხებზე სასაუბროდ საგამოძიებო კომისიაში გამოიძახეს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მონაწილეობდა სენატის კომიტეტის სხდომაში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებსა და კორუფციას ეხებოდა. სხდომაზე განხილული იყო მთავრობის მეთაურის გარემოცვის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
სხდომის დასაწყისში სანჩესმა განაცხადა, რომ არ იცოდა თავისი ორი ახლო მოკავშირის, სანტოს სერდანისა და ხოსე ლუის აბალოსის კრიმინალური საქმიანობის შესახებ.
როგორც მედია წერს, საქმე სანჩესის პარტიის დაფინანსებას ეხება.
„„სოციალისტური პარტიის“ დაფინანსება სრულიად კანონიერია“, – განაცხადა სანჩესმა სენატის საგამოძიებო კომიტეტის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, პარტია იღებდა თანხებს ნაღდი ფულით, თუმცა ხარჯთაღრიცხვა ყოველთვის ხორციელდებოდა კანონის შესაბამისად.
ცნობისთვის, ივნისში სანტოს სერდანი, სანჩესის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულის, მოსყიდვისა და გავლენის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. სერდანი „სოციალისტური პარტიის“ ყოველდღიურ საქმიანობას კურირებდა. ანალოგიური ბრალდებები აქვს წაყენებული ამავე თანამდებობაზე სერდანის წინამორბედსაც.
ესპანეთის ოპოზიციური პარტიების განცხადებით, წარმოუდგენელია ქვეყნის პრემიერ მინისტრს არ სცოდნოდა, რაც მის პარტიაში ხდებოდა.
გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ბეგონია გომესის წინააღმდეგაც, რომელსაც ადანაშაულებენ გავლენით ვაჭრობასა და კორუფციაში. სანჩესი და მისი მთავრობა უარყოფენ ამ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, გამოძიებას კითხვები აქვს სანჩესის ძმასთანაც. ის გავლენის ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. საქმე დაკავშირებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ძმის რეგიონულ ადმინისტრაციაში დასაქმებასთან. სანჩესი ბრალდებებს უარყოფს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი გამოიძახეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში. წინა შემთხვევა ეხებოდა ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს, რომელიც, სანჩესის მსგავსად, „სოციალისტურ პარტიას“ წარმოადგენდა.