ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონელებს მოუწოდებს, დეკემბრის არჩევნებში მონაწილება მიიღონ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონელებს მოუწოდებს, დეკემბრის არჩევნებში მონაწილება მიიღონ

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი, კატალონელებს მოუწოდებს, დეკემბრის არჩევნებში მონაწილება მიიღონ, ჩაიბარონ მმართველობა და აღადგინონ სტაბილურობა რეგიონში.

მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მადრიდმა ხელი შეუშალა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ძალაში შესვლას, თანამდებობიდან გაათავისუფლა კატალონელი ლიდერები და რეგიონს ავტონომიის სტატუსი დროებით შეუჩერა.

რახოი ოფიციალურად ბარსელონაში პირველად ჩავიდა. ესპანეთის პრემიერის თქმით, 21 დეკემბრის ვადამდელი არჩევნები ეკონომიკის დასტაბილურებას უზრუნველყოფს და რეგიონიდან კომპანიების გადინებას შეაჩერებს.

„ჩვენ დიდი ჩართულობა გვჭირდება, რომ დავიწყოთ მშვიდობის, სტაბილურობის, თანამშრომლობისა და პატივისცემის ახალი პოლიტიკური ერა. ჩვენ საჩქაროდ უნდა დავასტაბილუროთ მდგომარეობა კატალონიაში, შევამციროთ დაძაბულობა საზოგადოებაში და დავასრულოთ ეკონომიკური ზარალი“, – მიმართა რახოიმ კონსერვატორული პარტიის კატალონურ ფრთას.

მანამდე, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა დამოუკიდებლობის მომხრე ორმა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის, კარლეს პუიჩდემონის პარტიამ.

როგორც ჩანს, ისინი ვერ შეთანხმდნენ არჩევნებში მონაწილეობა ერთიანი ძალებით მიეღოთ, რაც, ექსპერტთა აზრით, მათ შანსებს, მოხვდნენ კატალონიის პარლამენტის უმრავლესობაში, საგრძნობლად ამცირებს.