ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სეჟიო სკარიოლო - საქართველოსთვის ბედნიერებაა, რომ თორნიკე შენგელია ჰყავს [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული სპორტის ისტორიაში კალათბურთელთა ნაკრები პირველია, რომელმაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი ოფიციალურ მატჩში დაამარცხა. „ჯვაროსნებმა“ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 82:76 დაამარცხეს.
ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო სკარიოლომ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა – თბილისში გახსნილ ახალ დარბაზზე, თორნიკე შენგელიაზე, საქართველოს ნაკრების გამარჯვების მიზეზებზე.
„მინდა გამარჯვება მივულოცო საქართველოს ნაკრებს, ფანებს, მწვრთნელ ილიას ზუროსს, თოკო შენგელიას… ძალიან თანაბარი თამაში იყო და ორივე გუნდს შეეძლო მოგება. ბოლო წუთებზე საქართველომ ნაკლები შეცდომა დაუშვა და ამიტომაც გაიმარჯვა. გვქონდა სულელური შეცდომები, თუმცა ახალგაზრდა გუნდი გვყავს და კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეების მონდომებით“.
მაისში თორნიკე შენგელიამ ბოლონიის „ვირტუსთან“ ერთად ევროთასი მოიგო. გუნდს სწორედ სერჟიო სკარიოლო წვრთნიდა. ესპანელების იტალიელ მწვრთნელს ცალკე შეკითხვა შენგელიაზე დავუსვით:
„თოკო ძალიან მიყვარს, როგორც მოთამაშე, როგორც პიროვნება. თორნიკე შენგელია უმაღლესი დონის კალათბურთელია, გუნდის ლიდერია როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა. მისი შეჩერება ნებისმიერ მეურვეს უჭირს. ამიტომ, მეორე დამცველს ვახმარდი. თუმცა ასეთ დროს თორნიკე კარგ ასისტენტად იქცა – პასებს თავისუფალ სივრცეში მყოფ პარტნიორებს ურიგებდა – რატი ანდრონიკაშვილს, დუდა სანაძეს, გიორგი შერმადინს. შენგელიას თამაშმა მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია. დიდი შრომა გასწია, დიდი ლიდერია. საქართველოსთვის ბედნიერებაა, რომ თორნიკე შენგელია ჰყავს“.
საინტერესოა, რომ უკრაინასთან 7 ივლისის მატჩზე მსჯელობა სკარიოლომ ქართველ კალათბურთელებზე საუბრით დაასრულა:
„უკრაინასთან მძიმე თამაში იქნება, ახალგაზრდული, ენერგიული გუნდია და მატჩს კარგად მომზადებული უნდა შევხვდეთ. ისე არ იქნება, როგორც პირველი თამაში, ესპანეთში. ზოგი ფიქრობს, რომ გამარჯვება ზოგჯერ იოლი მისაღწევია. ეს ასე არ არის, ყოველთვის დიდი შრომაა საჭირო, განსაკუთრებით ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა. შეიძლება ასეთ გუნდთან კარგი მომზადებაც და კარგი თამაშიც არ იყოს საკმარისი გამარჯვებისთვის. იმიტომ, რომ ჰყავს ტოპ-კლასის სამი კალათბურთელი – გიო შერმადინი, თოკო შენგელია და თად მაკფადენი. საქართველოს ნაკრებს დაემატება გოგა ბითაძე და კიდევ უფრო რთულად დასაძლევი მეტოქე იქნება. ეს კარგია ევროპული კალათბურთისთვის“.
იმ დარბაზში, რომელშიც ესპანეთი 4 ივლისს საქართველოსთან დამარცხდა, სექტემბერში კიდევ ხუთჯერ ითამაშებს – ევრობასკეტზე ესპანეთი ხომ საქართველო ჯგუფში მოხვდა. 1-7 სექტემბერს გუნდები ხუთ-ხუთ მატჩს გამართავენ.
„ამ დარბაზს, შეიძლება კიდევ ცოტა სჭირდება საბოლოოდ დასრულებისთვის, მაგრამ დიდებული, ცხელი გულშემატკივრობა იყო. ქომაგებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს და რაც დამამახსოვრდა, ძალიან კორექტულები იყვნენ. სექტემბერში ჩამოვალთ და, დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ამ დარბაზში ყველა ვისიამოვნებთ“.