82:76 - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთს უმასპინძლა. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოდგა.

ამ მატჩს არ შეიძლებოდა სამი დღის წინ უკრაინასთან წაგების კვალი არ დატყობოდა, ოღონდ, საკითხავი ის იყო, როგორ აისახებოდა ეს ჩვენს გუნდზე. პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ ქართველებმა რიგაში წაგების შემდეგ ბევრი სწორი დასკვნა გააკეთეს:

პირველი – უკრაინელებმა ქულების დიდი ნაწილი სწრაფი გარღვევებით მოაგროვეს. ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ესპანელებს ბურთის თავისივე ნახევარზე მიღებისთანავე მჭიდროდ მეურვეობდნენ ხან ანდრონიკაშვილი, ხან ჯინჭარაძე, ხანაც ბაქრაძე. შესაბამისად, ესპანეთი პირველ შეტევას სწრაფად ვეღარ ახორციელებდა და ჩვენი გუნდი დაცვაში დალაგებას ასწრებდა.

მეორე – უკრაინასთან მატჩისგან განსხვავავებით ეფექტურად მოქმედებდა საქართველოს ნაკრების ორი ყველაზე მაღალი კლასის, შენგელიასა და შერმადინის დუეტი: ბურთს მიიღებდა თორნიკე, რომელთანაც 2-3 მეტოქე გადადიოდა და თავისუფალი სივრცე რჩებოდა შერმადინს, რომელიც ბურთს იშვიათად აცილებდა.

 

მესამე – მატჩი დუდა სანაძის სამქულიანით გაიხსნა, ამას მოჰყვა, ესპანეთის რამდენიმე გაცუდებული შეტევა, ქართველების დამაჯერებელი თამაში მოედნის ორივე მხარეს და თავდაჯერება სათადარიგოებზეც გადავიდა. თუ უკრაინასთან საქართველოს ჩემპიონატის კალათბურთელებს არაფერი გამოუვიდათ, ესპანეთთან კარგად იბრძოდა დაცვაში კახა ჯინჭარაძე და საჭირო სამქულიანიც ჩააგდო. მწვრთნელმა გამოიცნო შეცვლა – შერმადინის ნაცვლად ბექა ბექაური შეუშვა და ეფექტური დაფარებით მასაც თავდაჯერება შეემატა.

 

მესამე პერიოდის დასაწყისში ქართველები 41:33 დაწინაურდნენ, თუმცა ესპანეთი რის ესპანეთია, ვინმეს ჩამორჩეს – რამდენიმე ეპიზოდში სამქულიანებით და სწრაფი პირველი შეტევით მეოთხე რაუნდის ბოლოს 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 47:43.

მეოთხე პერიოდში თავიდან ბოლომდე თანაბარი თამაში გაჩაღდა და წინასწარ ცხადი იყო, გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთზე უნდა გადაწყვეტილიყო.

 

საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე 21 წლის რატი ანდრონიკაშვილმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და ჩატენვით სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა – 67:64 საქართველოს სასარგებლოდ. სირენამდე 18 წამით ადრე ესპანელებმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრეს – 67:67. ბოლო შეტევა ქართველებს დარჩათ, თორნიკე შენგელის ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა და – ოვერტაიმი.

საქართველოს ნაკრების ლიდერებზე ზედმეტი ყურადღება ესპანელებს რატი ანდრონიკაშვილმა არ აპატია, მან ოვერტაიმში ჯარ ჩაჭრის შემდეგ ჩააგდო ორქულიანი, შემდეგ ორი სამიანი მიაყოლა და საქართველო 77:73 დაწინაურდა (სირენამდე 2 წუთით ადრე). მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა სამქულიანით სხვაობა შეამცირეს მაკფადენის სამქულიანით საქართველომ 18 წამით ადრე გამარჯვება მოგვიტანა.

საბოლოოდ, საქართველომ ისტორიული მოგება იზეიმა – 82:76.

ესპანეთი: აროსტეგი (14 ქულა, 6 მოხსნა), ბრიზუელა (12 ქ), პარა (11 ქ, 6 მ), გერა (10ქ, 9მ), ბასასი (10ქ, 7პ).

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი მატჩი დარჩა – 7 ივლისს ესპანეთი უკრაინას ესტუმრება. ამ შეხვედრის შედეგზე იქნება დამოკიდებული საქართველო ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, თუ მესამეს.