ესპანეთის ნაკრები თბილისში 16 წლის ფეხბურთელით ჩამოვა - ლამინ იამალს შეუძლია გავის ასაკობრივი რეკორდი მოხსნას #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის დე ლა ფუენტეს ჯერ არ დაუსახელებია შემადგენლობა ევრო 2024-ის სექტემბრის შესარჩევი მატჩებისთვის, მაგრამ გაზეთ Marca-სთვის ცნობილი გახდა, რომ ესპანელთა წინასწარ შემადგენლობაში მოხვდა „ბარსელონას“ ნახევარმცველი ლამინ იამალი. მას გაუჩნდა შანსი, გააუმჯობესოს თავისი თანაგუნდელის, გავის რეკორდი.
2021 წლის 6 ოქტომბერს გავის დებიუტი ჰქონდა ესპანეთის ნაკრებში იტალიის წინააღმდეგ, რითიც ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ესპანეთის ეროვნულ გუნდში უთამაშია. იმ მომენტისთვის ნახევარმცველი 17 წლისა და 62 დღის იყო.
ლამინ იამალს მხოლოდ ივლისში შეუსრულდა 16 წელი და მან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა „ბარსელონასთან“.
აქამდე იამალი ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. მას შეეძლო, საერთაშორისო კარიერის სტარტისთვის მაროკოს ნაკრები აერჩია. ესპანურ მხარეს არ სურდა კატალონელი ვუნდერკინდის დაკარგვა, ამიტომაც ოთხშაბათს ეროვნული გუნდის დელეგაცია ბარსელონაში ჩავიდა და შეხვდა ფეხბურთელსა და მისი ოჯახის წევრებს. ჟურნალისტ სანტი ოვალეს ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ლამინი დათანხმდა ესპანეთის ნაკრებში თამაშს.
ესპანურ პრესაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ უახლოეს დღეებში იხილავენ იამალის სახელს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის. ესპანეთს 8 და 12 სექტემბერს საქართველოსა და კვიპროსის წინააღმდეგ მატჩები ელოდება. თუ დე ლა ფუენტე მინდორზე შეუშვებს 16 წლის ფეხბურთელს, ის გააუმჯობესებს გავის რეკორდს და ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება.