ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

2022/2023 წლის ერთა ლიგის გამარჯვებული ესპანეთის ეროვნული ნაკრები გახდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ტურნირის ფინალში ხორვატიის ნაკრები დაამარცხა – 0:0 (5:4 პენალტების სერიაში).

ფინალამდე ესპანელებმა იტალიის ეროვნულ გუნდს 2:1 მოუგეს, ხოლო ხორვატიის ნაკრებმა ოთხთა ფინალის მასპინძელი ნიდერლანდები 4:2 დაამარცხა და შანსი ჰქონდა, ისტორიაში პირველი დიდი ტიტული მოეგო.

ფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული და მძიმე გამოდგა. გუნდები ზედმეტად არ რისკავდნენ, ფეხბურთელები ძირითადად ერთმანეთის შეცდომებს ელოდნენ. საბოლოოდ, როგორც ძირითადი, ისევე დამატებითი დრო 0:0 დასრულდა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

რაც შეეხება უშუალოდ თერთმეტმეტრიანებს, ესპანელთაგან ნიშნულიდან ხოსელუმ, როდრიმ, მერინომ, ასენსიომ და კარვახალმა გაიტანეს, ხოლო თავისი პენალტი „მანჩესტერ სიტის“ მცველმა, ემერიკ ლაპორტმა ვერ გაიტანა. ხორვატების მხრიდან ზუსტად შესრულება ვლასიჩმა, ბროზოვიჩმა, მოდრიჩმა და პერისიჩმა მოახერხეს. ესპანეთის ნაკრების მეკარემ, უნაი სიმონმა მაიერისა და პეტკოვიჩის დარტყმები მოიგერია.

შედეგად, ესპანეთი 11 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა ტიტულს, ბოლოს მათ 2012 წელს უკრაინასა და პოლონეთში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. ერთა ლიგის 2022/2023 წლის სეზონში მესამე ადგილი იტალიამ მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში ნიდერლანდები 3:2 დაამარცხა.

ხორვატია – ესპანეთი 0:0 (პენ. 4:5)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, ლაპორტი, ლე ნორმანდი (78. ნაჩო), ნავასი (97.კარვახალი), როდრი, რუისი (78. მერინო), გავი (87. ოლმო), ასენსიო, პინო (66. ფატი), მორატა (66. ხოსელუ).

ხორვატია: ლივაკოვიჩი, იურანოვიჩი (112. სტანისიჩი), სუტალო, ერლიჩი, პერისიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი, პაშალიჩი (61. პეტკოვიჩი), კრამარიჩი (90+1. მაიერი), ივანუსევიჩი (78. ვლასიჩი).