ესპანეთის მთავრობა ინფლაციასა და მზარდ ფასებთან გასამკლავებლად დამატებით 10 მილიარდ ევროს გამოყოფს
ესპანეთის მთავრობა ინფლაციასა და მზარდ ფასებთან გასამკლავებლად დამატებით 10 მილიარდ ევროს გამოყოფს

ესპანეთის მთავრობა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციით გამოწვეულ ინფლაციასა და მზარდ ფასებთან გასამკლავებლად, დამატებით 10 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

სანჩესის თქმით, მთავრობა დაიცავს საშუალო კლასს და დასაქმებულებს ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირების პირობებში.

მთავრობის ინიციატივა ითვალისწინებს დღგ-ს შემცირებას და ერთჯერადად, 200 ევროს გადახდას მილიონობით ოჯახისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 27 ათასს არ აღემატება. ასევე გათვალისწინებულია გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადის შემცირება კიდევ ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გათიშვის აკრძალვა. კვლავ სუბსიდირებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, 2023 წლის პირველ ნახევარში ისევ იმოქმედებს ფასდაკლებები აბონემენტზე.

პედრო სანჩესის ცნობით, ექვსი თვით გათავისუფლდება გადასახადებისგან ისეთი პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების რეალიზაცია, როგორებიცაა პური, რძე, ყველი, კვერცხი, ხილი და ბოსტნეული.

ეს ესპანეთის ანტიკრიზისული ზომების მესამე პაკეტია. ანტიკრიზისული ზომების ფარგლებში, ესპანეთის მთავრობა, ჯამში, 45 მილიარდს დახარჯავს.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ბოლო თვეებში ესპანეთმა ინფლაცია 6,8 %-მდე შეამცირა, რაც ევროკავშირი ყველაზე დაბალი წლიური მაჩვენებელია, თუმცა საკვების ფასის ზრდის მაჩვენებელი მაღალია.