ესპანეთის ხელისუფლებამ ე.წ. ოქროს ვიზები გააუქმა
ესპანეთის ხელისუფლებამ ე.წ. ოქროს ვიზები გააუქმა

ესპანეთის ხელისუფლებამ გააუქმა ე.წ. ოქროს ვიზები, რომლებსაც იმ პირებს გადასცემდნენ, ვინც ესპანეთში უძრავ ქონებაში მსხვილ ინვესტიციებს აბანდებდა.

ესპანეთში „ოქროს ვიზების“ შესახებ კანონი 2013 წლიდან მოქმედებდა. უცხო ქვეყნის მოქალაქე ინვესტორებს და მათ ოჯახის წევრებს ის აძლევდა საშუალებას, ესპანეთში ბინადრობის უფლება მიეღოთ. ამისთვის აუცილებელი იყო ესპანეთში უძრავ ქონებაში, სულ მცირე, 500 000 ევროს ინვესტიციის დაბანდება.

ესპანური მედიის ცნობით, „ოქროს ვიზები“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა აშშ-ისა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის.

ამავე კანონის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეებმა ბოლო 10 წელიწადში ესპანეთში 1 159 ერთეული უძრავი ქონება შეიძინეს.

„ოქროს ვიზების“ გაუქმების მიზეზად ესპანეთის მთავრობამ უძრავი ქონების ბაზარზე სპეკულაციების აღმოფხვრის სურვილი დაასახელა.