კვირას, ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი – ესპანეთის გრანპრი გაიმართება. მანამდე, ბარსელონას ტრასაზე საკვალიფიკაციო რბოლა შედგა, რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ ესპანურ ეტაპს პირველი სასტარტო პოზიციიდან „მერსედესის“ პილოტი ვალტერი ბოტასი დაიწყებს. ეს ფინელი ავტომრბოლისთვის ზედიზედ მესამე პოულია.
მეორე პოზიციაზე იქნება ბოტასის თანაგუნდელი ლუის ჰემილტონი. მესამე და მეხუთე ადგილები აქვთ „ფერარის“ პილოტებს – სებასტიან ფეტელსა და შარლ ლეკლერს. მათ შორის მეოთხე პოზიციაზე იქნება „რედ ბულის“ წევრი მაქს ფერსტაპენი.
შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით, ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე „მერსედესი“ დომინირებს. მან განვლილ ოთხ ეტაპზე ოთხი დუბლი შეასრულა. ჩემპიონატს 87 ქულით ბოტასი ლიდერობს, 86 ქულა აქვს ჰემილტონს. მესამეზეა „ფერარის“ ლიდერი ფეტელი 52 ქულით.