ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპს – ესპანეთის გრანპრის ბარსელონას ტრასამ უმასპინძლა.
მთელი სარბოლო უქმეების განმავლობაში საუკეთესო ფორმაში იყო “მერსედესი” და მისი პილოტი ლუის ჰემილტონი, რომელმაც მოიგო კვალიფიკაცია და სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო.
ბრიტანელმა ძალიან იოლად მოახერხა ზედიზედ მეორე და კარიერაში 64-ე რბოლის მოგება. ამით მან 95 ქულა დააგროვა საერთო ჩათვლაში და 17 ქულით გაუსწრო “ფერარის” პილოტს სებასტიან ფეტელს, რომელმაც ზედიზედ მესამე რბოლაში ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა. გერმანელმა მეოთხე ადგილი დაიკავა. მეორეზე გავიდა “მერსედესის” კიდევ ერთი პილოტი ვალტერი ბოტასი, მესამე იყო “რედ ბულის” ჰოლანდიელი ავტომრბოლი მაქს ფერსტაპენი.
ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი 27 მაისს, მონაკოში გაიმართება.