ესპანეთის ჩემპიონატის ფეხბურთელებმა ორ თვეში 122 ტრავმა მიიღეს #1TVSPORT
ესპანური ლა ლიგას კლუბების ფეხბურთელებმა სექტემბერ-ოქტომბერში 122 ტრავმა მიიღეს.
გაზეთმა Marca-მ და დოქტორმა ლუის რიპოლმა ჩაატარეს კვლევა და დაასკვნეს, რომ ტრავმების სიმრავლე გამოწვეულია გადატვირთული კალენდრით და აღდგენის მცირე პერიოდით.
გასულ სეზონში „რეალის“ ფეხბურთელებმა 70-ზე მეტი მატჩი ჩაატარეს. მაგალითად, ფრანგ ნახევარმცველებს ორელიენ ჩუამენისა და ედუარდო კამავინგას 74-ჯერ მოუწიათ მინდორზე გასვლა. ამ სეზონში ისტორია შეიძლება განმეორდეს.
გარდა ამისა, ყველა მატჩი 100 წუთამდე გრძელდება, ზოგიერთ გუნდს კი მატჩებს შორის 72 საათზე ნაკლები აქვთ პაუზა.
შემოდგომის ორი თვის განმავლობაში, ლალიგას მოთამაშეებმა 122 ტრავმა მიიღეს: 80 სექტემბერში (63 – კუნთოვანი, 17 – დანარჩენი), 42 ოქტომბერში (22 – კუნთოვანი, 20 – დანარჩენი). შედარებისთვის, 2022 წლის სექტემბერში იყო 94 ტრავმა.
ორი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ტრავმა ჰქონდა „სევილიას“ (10), 9 – „ატლეტიკოს“, „ვილიარეალს“, „ჟირონასა“ და „ალმერიას“, 7 – „ბარსელონას“, 4 – „რეალს“. ორ თვეში საშუალოდ თითო გუნდში 7.1 ტრავმა იყო.