ესპანეთი: პრემიერ-მინისტრის ძმას, ადმინისტრაციული გადაცდომისთვის, საჯარო თანამდებობის დაკავება 9 წლით აეკრძალა

12:23, 16.07.2026
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ძმას საჯარო თანამდებობის დაკავება 9 წლით აეკრძალა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ძმას საჯარო თანამდებობის დაკავება 9 წლით აეკრძალა

ბადახოსის პროვინციის სასამართლომ დავიდ სანჩესს საჯარო თანამდებობის დაკავება 9 წლით აუკრძალა 

სამივე მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის ძმისთვის „კონკრეტულ პირზე მორგებული და რეალური ფუნქციური დატვირთვისგან დაცლილი“ თანამდებობა შეიქმნა.

 

35 დღის შემდეგ, რაც საქმე გადაწყვეტილების მისაღებად გადაიდო, ბადახოსის პროვინციის სასამართლომ დავიდ სანჩესს, ადმინისტრაციული გადაცდომისთვის, 9 წლით აუკრძალა საჯარო სამსახურში საქმიანობა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ამ პერიოდში მას აეკრძალება ნებისმიერი საჯარო თანამდებობის დაკავება, ასევე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა, სამაგიეროდ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ძმამ ციხისთვის თავიდან აცილება შეძლო. კერძო ბრალმდებლები მისთვის ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ. სამმა მოსამართლემ, რომლებმაც 378-გვერდიან განაჩენს მოაწერეს ხელი, დაასკვნა, რომ აღნიშნული თანამდებობის შექმნა სულაც არ იყო „სასწრაფო საქმე“ და აუცილებლობასაც არ წარმოადგენდა, ხოლო თავად თანამდებობა „კონკრეტულ პირს მოარგეს და რეალური ფუნქციური დატვირთვისგან დაცლილი იყო“. გთავაზობთ რამდენიმე გარემოებას პრემიერ-მინისტრის ძმის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის უკეთ გასაგებად:

გავლენით ვაჭრობა არ დადასტურდა, თუმცა ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას

ადმინისტრაციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სასჯელი (პატიმრობის გარეშე) სასამართლომ სწორედ იმიტომ გამოიტანა, რომ ბრალდებულები უფრო მძიმე დანაშაულში – გავლენით ვაჭრობაში – დამნაშავედ არ ცნო. მოსამართლეების შეფასებით, კერძო ბრალმდებლებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა როგორც გავლენით ვაჭრობის კონკრეტულ ფაქტებს, ისე იმას, თუ ვინ ახდენდა ან ვისზე ხდებოდა ასეთი გავლენა. საბოლოოდ, სასამართლომ ამ ბრალდებაში დადანაშაულებული 11-ვე ბრალდებული გაამართლა.

თუმცა, სასამართლოს სამი მოსამართლე მიიჩნევს, რომ დადასტურებულია ადმინისტრაციული გადაცდომის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების) ჩადენა. ასეთი დასკვნის გამოტანისას, მოსამართლეები თავიანთ პოზიციას სამოქალაქო გვარდიის ცენტრალური ოპერატიული ქვედანაყოფის (UCO) მიერ მომზადებულ საგამოძიებო ანგარიშებსა და სასამართლოში ვიცე-პოლკოვნიკ ანტონიო ბალასის მიერ მიცემულ ჩვენებაზე აფუძნებენ. სასამართლომ ამ უკანასკნელის ჩვენება შეაფასა, როგორც „საკმაოდ ნათელი და დამაჯერებელი“. თავის ჩვენებაში ბალასმა განაცხადა, რომ ეს თანამდებობა თავიდანვე დავიდ სანჩესისთვის „იყო განკუთვნილი“.

დავიდ სანჩესს როლი „იდეალურად მოერგო“

განაჩენში ეს საკითხი უფრო დეტალურად არის განხილული და ნათქვამია, რომ თავად დავიდ სანჩესმა „წინასწარ იცოდა“, რომ თანამდებობა „მისთვის იყო შექმნილი“. მან ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა და გასაუბრებაზე „კანონიერი პროცედურის იმიტაციის შესაქმნელად“ გამოცხადდა, რასაც მოსამართლეები „ფიქტიურ შესარჩევ პროცესს“ უწოდებენ. გარდა ამისა, ისინი დადასტურებულად მიიჩნევენ, რომ სანჩესი „სამსახურში თითქმის არასდროს ცხადდებოდა“. ისინი ამ თანამდებობას „არასაჭიროდ“ და „შინაარსს მოკლებულად“ თვლიან, რადგან კონსერვატორიების იმდროინდელი დირექტორები მის შექმნას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა სასამართლო პროცესის დროს მათ თავიანთი ჩვენება შეცვალეს და აღნიშნეს, რომ დავიდ სანჩესის მუშაობა სარგებლის მომტანი იყო.

სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ცვლილება სამუშაოს აღწერილობაში, რომელიც ბადახოსის პროვინციის საბჭომ მას შემდეგ შეიტანა, რაც დავიდ სანჩესმა თანამდებობა დაიკავა, „სპეციალურად იმაზე იყო მორგებული“, რათა მას შესძლებოდა „ყოველგვარი კონტროლის გარეშე დაკავებულიყო ნებისმიერი საქმიანობით, რასაც მიზანშეწონილად მიიჩნევდა“. გარდა ამისა, მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ ბადახოსის პროვინციის საბჭომ შექმნა კიდევ ერთი „მოვალეობებისგან დაცლილი“ თანამდებობა დავიდ სანჩესის მეგობრისთვის, ლუის კარეროსთვის, რომელიც ახლა ასევე მსჯავრდებულია.

საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, მიგელ ანხელ გალიარდო – სოციალისტური მუშათა პარტიის (PSOE) ყოფილი ლიდერი ესტრემადურაში და ბადახოსის პროვინციის საბჭოს პრეზიდენტი იმ დროს, როდესაც ეს თანამდებობა დავიდ სანჩესისთვის შეიქმნა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში და, შესაბამისად, 18 წლით აუკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება. სასამართლო აცხადებს, რომ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, „დაუჯერებელია“, რომ გალიარდოს „უშუალო მონაწილეობა არ მიეღო“ დავიდ სანჩესისთვის თანამდებობის შექმნაში, რომელთანაც, მოსამართლეების თქმით, მას „ახლო ურთიერთობა ჰქონდა და უქმე დღეებშიც კი ესაუბრებოდა“.

პროვინციის საბჭოს მოწმეების ჩვენება ნდობას არ იწვევს

განაჩენის არაერთ მონაკვეთში სასამართლო ერთმნიშვნელოვნად იზიარებს საქმის გამომძიებელი სამოქალაქო გვარდიის ცენტრალური ოპერატიული დანაყოფის (UCO) თანამშრომლების ჩვენებებს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების უმეტესობის მიმართ კი სასამართლო სრულიად საპირისპირო შეფასებას აკეთებს. ამ მოწმეთა დიდი ნაწილი ბადახოსის პროვინციის საბჭოს თანამშრომელია. მოსამართლეების შეფასებით, მათი ჩვენებები „სარწმუნოობისა და დამაჯერებლობის აუცილებელ კრიტერიუმებს“ ვერ აკმაყოფილებს. სასამართლოს აზრით, რადგან ისინი „მკაცრად იერარქიული უწყების მაღალი რანგის თანამდებობის პირები იყვნენ, მათი ჩვენებები „წინასწარ შეთანხმებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა“ და „აკლდა ის სპონტანურობა და გულწრფელობა, რომელიც სასამართლოს დააკმაყოფილებდა“.

გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას ექვემდებარება

დავიდ სანჩესს, მიგელ ანხელ გალიარდოსა და დანარჩენ ცხრა ბრალდებულს ბადახოსის პროვინციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ. ზემდგომი სასამართლო უწყება ესტრემადურის უმაღლესი სასამართლოა. იურიდიულმა წყაროებმა RTVE-ს დაუდასტურეს, რომ დავიდ სანჩესი სააპელაციო საჩივარს შეიტანს. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, საქმეს ესტრემადურის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. ეს იქნება იმ კოლეგიისგან განსხვავებული შემადგენლობა, რომელმაც თავდაპირველი განაჩენი გამოიტანა. მათ უნდა გადაწყვიტონ, ძალაში დატოვონ თუ შეცვალონ ბადახოსის პროვინციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

 

სტატიის ავტორი: აიტორ ლოურიდო, ესპანეთის რადიოსა და ტელევიზიის კორპორაცია (RTVE – Corporación de Radio y Televisión Española)

ფოტოს ავტორი: ესპანეთის რადიოსა და ტელევიზიის კორპორაცია

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 14 ივლისი, 2026, 19:26 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი