ესპანეთი პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინში – რას ნიშნავს 29 ნოემბრის არჩევნები ევროპისთვის
ესპანეთში 29 ნოემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რვაწლიანი სოციალისტური მმართველობის შემდეგ ქვეყანაში შესაძლოა, ხელისუფლება შეიცვალოს, ხოლო ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურის დასრულების შემდეგ პირველად, ულტრამემარჯვენე პარტია ქვეყნის ცენტრალური მთავრობის შემადგენლობაში შევიდეს.
ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 38,7 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს.
ესპანეთში წინასაარჩევნო კამპანია 27 ნოემბერს დასრულდა. დღეს ქვეყანაში ე.წ. დუმილის დღეა. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემები საცხოვრებლის გაძვირება, მიგრაცია, სოციალური უთანასწორობა და კორუფციის საქმეები იყო.
არჩევნების შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვისაც, სადაც ბოლო წლებში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების გავლენა გაიზარდა.
რატომ დაინიშნა ვადამდელი არჩევნები?
პედრო სანჩესი ესპანეთის მთავრობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. ბოლო საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2023 წელს გაიმართა. მაშინ ყველაზე მეტი, 137 მანდატი „კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ“ მოიპოვა, „სოციალისტურმა მუშათა პარტიამ“ კი 121 მანდატი მიიღო, თუმცა კონსერვატორებმა მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლეს. შედეგად, სანჩესმა მემარცხენე და რეგიონული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით ხელისუფლება შეინარჩუნა.
საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის გამო სანჩესის მთავრობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უჭირდა. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უშუალო მიზეზი კი საცხოვრებლის კრიზისი გახდა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მთავრობის მიერ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შემუშავებულ ზომებს, სანჩესმა 5 ოქტომბერს ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
23 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც კომპანია 40dB-მ გამოცემა „ელ პაისისა“ და რადიოსადგურ „კადენა სერის“ დაკვეთით ჩაატარა, ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს ხელმძღვანელობით მოქმედ „სახალხო პარტიას“ გამოკითხულთა 31,8 პროცენტი უჭერს მხარს, სოციალისტებს 30,9 პროცენტი, ხოლო სანტიაგო აბასკალის ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსს“ – 17,3 პროცენტი. კვლევა 7 500 ადამიანთან ინტერვიუს ეფუძნება.
კვლევის მიხედვით, „სახალხო პარტიას“ დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები არ ექნება, თუმცა ექნება „ვოქსთან“ ერთად საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა.
ესპანელი პოლიტოლოგი კრისტინა მონხე მიიჩნევს, რომ სწორედ ეს გარემოება ანიჭებს არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან ფრანკოს დიქტატურის დასრულების შემდეგ პირველად შეიძლება ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალა ქვეყნის მთავრობაში ვიხილოთ. 2023 წლის არჩევნების დროს სახალხო პარტია ცდილობდა, ულტრამემარჯვენეებისგან დისტანცირებულიყო. ამჯერად ვითარება განსხვავებულია“, – აცხადებს კრისტინა მონხე.
ეკონომიკის ზრდა და საზოგადოების უკმაყოფილება
ესპანეთის წინასაარჩევნო ვითარების ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მოქმედი მთავრობის მიმართ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება.
ევროკომისიის 17 ნოემბრის პროგნოზის თანახმად, 2026 წელს ესპანეთის ეკონომიკა 2,6 პროცენტით გაიზრდება, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ამავე დროს, ევროკომისია ესპანეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკად საცხოვრებლის ბაზარზე არსებულ პრობლემებს ასახელებს.
ნოემბერში ესპანეთში საყოველთაო გაფიცვაც გაიმართა.
კრისტინა მონხეს შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვერ გრძნობს.
„ეკონომიკური ზრდა რეალობაა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ესპანეთში დღეს დემოკრატიის აღდგენის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. თუმცა, მეორე მხრივ, საცხოვრებლის პრობლემა უშუალოდ აისახება ოჯახებზე. განსაკუთრებით დაზარალდნენ დაბალშემოსავლიანი ოჯახები, თუმცა ეს პრობლემა საშუალო კლასსაც შეეხო. ოჯახებს უჩნდებათ განცდა, რომ ეკონომიკური ზრდა ან არ არის რეალური, ან ეს ზრდა მათთვის არაფერს ნიშნავს“, – აცხადებს მონხე.
პოლიტოლოგის შეფასებით, ეკონომიკური უთანასწორობის გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობის შემცირებაც.
„ეს მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რატომ აძლევენ ადამიანები ხმას ისეთ პარტიას, როგორიცაა „ვოქსი“, რომელიც საზოგადოების უკმაყოფილებას გამოხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დღეს კარგია“, – ამბობს კრისტინა მონხე.
ლუის კორნაგო ბონალი კი ყურადღებას ამახვილებს მოქმედი ხელისუფლების გარშემო არსებულ კორუფციის საქმეებსა და იმ სტრატეგიაზე, რომელსაც ორი პოლიტიკური ბლოკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყენებდა.
„მემარჯვენეების კამპანიის დიდი ნაწილი სანჩესის პოლიტიკური მემკვიდრეობის კრიტიკას და კორუფციის საკითხს ეთმობა. მათი მთავარი გზავნილია, რომ სანჩესი ხელისუფლებაში ზედმეტად დიდი ხანია იმყოფება და ამ პერიოდში კორუფციის ძალიან ბევრი შემთხვევა გამოვლინდა“, – აცხადებს კიდევ ერთი ესპანელი პოლიტოლოგი ლუის კორნაგო ბონალი.
მისი თქმით, მემარცხენეები, ერთი მხრივ, მთავრობის ეკონომიკურ და სოციალურ მიღწევებზე ამახვილებენ ყურადღებას, მეორე მხრივ კი ამომრჩეველთა მობილიზებას ულტრამემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივით ცდილობენ. ეს სტრატეგია სოციალისტებმა 2023 წლის არჩევნების დროსაც გამოიყენეს.
რატომ იზრდება ულტრამემარჯვენეების პოპულარობა ახალგაზრდებში?
ესპანეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კიდევ ერთი საინტერესო ასპექტია ახალგაზრდა ამომრჩევლებში, განსაკუთრებით მამაკაცებში, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების პოპულარობის ზრდა.
ლუის კორნაგო ბონალის თქმით, ეს ტენდენცია მხოლოდ ესპანეთისთვის არ არის დამახასიათებელი.
„მსგავს პროცესს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ, სადაც ახალგაზრდა მამაკაცები სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს მემარჯვენე, ზოგ შემთხვევაში კი ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს. ამავდროულად, ახალგაზრდა ქალები, განსაკუთრებით მაღალი განათლების მქონე ქალები, სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს ახალ მემარცხენე მოძრაობებს ან ზოგადად მემარცხენე პოლიტიკურ ძალებს“, – ამბობს პოლიტოლოგი.
მისი შეფასებით, ამ პროცესის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა საზოგადოებაში ქალებისა და მამაკაცების სოციალური სტატუსის ცვლილებას უკავშირდება.
კორნაგო ბონალი აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებში სულ უფრო მეტი ქალი იღებს უმაღლეს განათლებას და წარმატებას აღწევს შრომის ბაზარზე. ამ ცვლილებებს მამაკაცების ნაწილი საკუთარი სოციალური სტატუსისთვის საფრთხედ აღიქვამს.
„მამაკაცების ნაწილი ქალების წარმატებას ისე აღიქვამს, თითქოს ერთი მხარის წარმატება აუცილებლად მეორე მხარის წარუმატებლობას ნიშნავს. ანუ, თუ ქალების მდგომარეობა უმჯობესდება, მამაკაცების მდგომარეობა აუცილებლად უნდა გაუარესდეს“, – აცხადებს კორნაგო ბონალი.
ამასთან, პოლიტოლოგი ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი სამუშაო ჰიპოთეზაა და აღნიშნული პოლიტიკური ტენდენციის გამომწვევი მიზეზები მეცნიერებს ჯერ სრულად შესწავლილი არ აქვთ.
როგორ შეიძლება, შეიცვალოს ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკა?
მიგრაცია ესპანეთის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ამასთან, ბოლო წლებში ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკა ევროპის მრავალი სხვა ქვეყნის პოლიტიკისგან განსხვავდებოდა.
პედრო სანჩესის მთავრობა იმიგრაციას ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ძალის დეფიციტის დაძლევის ერთ-ერთ საშუალებად განიხილავდა.
კონსერვატიული სახალხო პარტია და ულტრამემარჯვენე „ვოქსი“ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მომხრეები არიან, თუმცა მათ მიერ შეთავაზებული ზომები ერთმანეთისგან განსხვავდება.
ლუის კორნაგო ბონალის შეფასებით, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მიგრაცია ერთ-ერთი პირველი მიმართულება იქნება, რომელზეც ახალი მთავრობისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოელიან.
„სახალხო პარტიაც“ და „ვოქსიც“ თანხმდებიან, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მიღების წესები უნდა გამკაცრდეს“, – ამბობს პოლიტოლოგი.
ამასთან, კორნაგო ბონალი აღნიშნავს, რომ იმიგრაციას ესპანეთის ბოლო წლების ეკონომიკურ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
„ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რადგან შრომის ბაზარს ბევრი ახალი დასაქმებული შეემატა. ვფიქრობ, სახალხო პარტიაში აცნობიერებენ, რომ იმიგრაციის მკვეთრი შემცირება ეკონომიკური თვალსაზრისით პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს“, – აცხადებს ის.
„ვოქსი“ გაცილებით მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას ემხრობა და ე.წ. რემიგრაციის ინიციატივითაც გამოდის, რაც მიგრანტების ნაწილის წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნებას გულისხმობს.
კორნაგო ბონალის თქმით, ორ პარტიას შორის არსებული განსხვავებები წარსულშიც გამხდარა უთანხმოების მიზეზი. კერძოდ, მიგრაციის საკითხზე დაპირისპირების გამო „ვოქსმა“ რამდენიმე რეგიონული მთავრობა დატოვა.
„მომავალი საიმიგრაციო პოლიტიკა დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი განსხვავება იქნება ამ ორი პარტიის საარჩევნო შედეგებს შორის“, – მიიჩნევს ლუის კორნაგო ბონალი.
კრისტინა მონხე კი ყურადღებას ამახვილებს მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ რიტორიკასა და ბიზნესის ინტერესებს შორის არსებულ განსხვავებაზე.
„მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ქვეყანას იმიგრაცია სჭირდება, რადგან სამუშაო ძალის საჭიროება არსებობს. თუმცა ულტრამემარჯვენეები, ახლა კი კონსერვატორებიც, იმიგრაციას პრობლემებთან, საზოგადოებრივ არეულობასა და სხვა ნეგატიურ მოვლენებთან აკავშირებენ“, – ამბობს მონხე.
რას ნიშნავს ესპანეთის არჩევნები ევროპისთვის?
ესპანეთი ევროკავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკაა. პედრო სანჩესის მთავრობა კი ბოლო წლებში ევროკავშირში მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო.
ესპანეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის საკითხი ევროპარლამენტშიც მწვავე დისკუსიის საგანი გახდა.
25 ნოემბერს ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფმა და ლიბერალურმა ჯგუფმა „განაახლე ევროპა“ ევროპის სახალხო პარტიასთან თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერეს. ამის მიზეზი გარემოსდაცვით კანონმდებლობაზე კენჭისყრის დროს მემარჯვენე ცენტრისტების მიერ ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან თანამშრომლობა გახდა.
ესპანეთის „სახალხო პარტია“ ევროპის სახალხო პარტიის წევრია. „ვოქსი“ კი ევროპარლამენტში გაერთიანებულია ჯგუფში „პატრიოტები ევროპისთვის“.
ესპანეთში ხელისუფლების ცვლილებას შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ევროკავშირში ძალთა პოლიტიკურ ბალანსზე, ასევე მიგრაციის, კლიმატის ცვლილების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებზე.
კრისტინა მონხეს შეფასებით, სანჩესის ხელისუფლების მნიშვნელობა ევროკავშირის ფარგლებსაც სცდება.
„სანჩესი დონალდ ტრამპის, ჟაირ ბოლსონარუსა და ტრამპიზმის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა“, – აცხადებს მონხე.
მისი აზრით, ხელისუფლების ცვლილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ესპანეთის პოზიციებზე მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებთან დაკავშირებით.
ლუის კორნაგო ბონალი ესპანეთის საგარეო პოლიტიკური კურსის მკვეთრი ცვლილების შესაძლებლობას უფრო სკეპტიკურად უყურებს.
პედრო სანჩესსა და დონალდ ტრამპს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბოლო წლებში ნატო-ს ფარგლებში თავდაცვის ხარჯების ზრდა იყო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი წინააღმდეგი იყო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთი პროცენტის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე მიმართვისა.
კორნაგო ბონალის შეფასებით, კონსერვატორების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მადრიდსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები შესაძლოა, გაუმჯობესდეს, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს თავდაცვის ხარჯების მკვეთრ ზრდას.
„რიტორიკის დონეზე ფეიხოო შესაძლოა, გარკვეულწილად დაუახლოვდეს შეერთებული შტატების პოზიციას და ნატო-ს ფარგლებში გაბატონებულ შეხედულებებს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდას შეძლებენ“, – ამბობს პოლიტოლოგი.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საფრთხეები ესპანეთში ისე მწვავედ არ აღიქმება, როგორც, მაგალითად, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებიც რუსეთთან გეოგრაფიულად უფრო ახლოს მდებარეობენ.
„შესაძლოა, რიტორიკის ცვლილება ვიხილოთ. შესაძლოა, თავდაცვის ხარჯებიც გარკვეულწილად გაიზარდოს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას უნდა ველოდოთ“, – აცხადებს ლუის კორნაგო ბონალი.
29 ნოემბრის არჩევნები აჩვენებს, შეძლებს თუ არა პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტია“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად საჭირო საპარლამენტო მხარდაჭერის მოპოვებას და რამდენად გაიზრდება ულტრამემარჯვენეების გავლენა ევროკავშირის კიდევ ერთ მსხვილ ქვეყანაში. თუმცა, ესპანეთის მომავალი პოლიტიკური კურსის შესახებ უფრო მკაფიო სურათი შესაძლოა, მხოლოდ არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებისას შეიქმნას.
ესპანეთი საპარლამენტო მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაური მეფე ფილიპე მეექვსეა, აღმასრულებელ ხელისუფლებას კი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ესპანეთის პარლამენტი ორპალატიანია. მთავრობის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ქვედა პალატას, დეპუტატთა კონგრესს ეკისრება, რომლის 350 წევრს მოქალაქეები პროპორციული საარჩევნო სისტემით ირჩევენ. მანდატები ცალკეული საარჩევნო ოლქების მიხედვით ნაწილდება, რის გამოც მთავრობის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ხშირად რეგიონულ, მათ შორის კატალონიურ და ბასკურ პარტიებს ენიჭებათ.
ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების შემდეგ მეფე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. პირველ კენჭისყრაზე კანდიდატს სულ მცირე 176 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუ ის საკმარის ხმებს ვერ მოიპოვებს, 48 საათის შემდეგ განმეორებითი კენჭისყრა იმართება, რომელზეც საკმარისია, მომხრეთა რაოდენობა მოწინააღმდეგეთა რაოდენობას აღემატებოდეს.
„ერთია არჩევნებში გამარჯვება, ანუ კვირა საღამოს პირველ ადგილზე გასვლა და სრულიად სხვა საკითხია პრემიერ-მინისტრად არჩევა. ჩვენს სისტემაში მთავრობის მეთაურს უშუალოდ მოქალაქეები არ ირჩევენ. მას პარლამენტი ირჩევს. ამასთან, სამთავრობო კოალიციის შექმნა და პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ასარჩევად საჭირო მხარდაჭერის მოპოვება სხვადასხვა საკითხია“, – განმარტავს კრისტინა მონხე.