ესპანეთი მზადაა, მიიღოს ჰუმანიტარული ორგანიზაციის კუთვნილი სამაშველო გემი, რომლის ბორტზე 620 მიგრანტი იმყოფება
ესპანეთი მზადაა, მიიღოს ჰუმანიტარული ორგანიზაციის კუთვნილი სამაშველო გემი, რომლის ბორტზე 620 მიგრანტი იმყოფება

ესპანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მიიღოს ჰუმანიტარული ორგანიზაციის SOS Méditerranée-ის კუთვნილი სამაშველო გემი, რომლის ბორტზე 620 მიგრანტი იმყოფება. შესაბამისი განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა გააკეთა.

პრემიერის თქმით, აუცილებელია ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება. გემს სახელწოდებით Aquarius, ვალენსიის პორტში ელოდებიან.

მანამდე, შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტომ. ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია მიგრანტების სავსე ხომალდის პორტში შეშვება, რადგან ბორტზე საკვებისა და წყლის მარაგი იწურება.

შეგახსენებთ, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ ხომალდის ეკიპაჟს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა და მიგრანტების მიღებისკენ მალტას მოუწოდა, რომელმაც იძულებით გადაადგილებული პირების მიღებაზე ასევე, უარი განაცხადა.