ესპანეთი: მატარებლების შეჯახებების შედეგად დაღუპული 69 ადამიანიდან 66-ის ვინაობა დადგენილია – უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დღემდე დაკარგულად მიიჩნევა
ურდაში მომხდარი სარკინიგზო ავარიის ეპიცენტრი
60 იდენტიფიცირებული მსხვერპლის ოჯახს შეტყობინება უკვე გაეგზავნა.
დაღუპულთა შორის 54 ესპანეთის მოქალაქეა, ხოლო 12 – უცხოელი.
ტოლედოსა და სიუდად-რეალის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, რომლებიც ქალაქ ურდაში (ტოლედოს პროვინცია, კასტილია-ლა მანჩის ავტონომიური გაერთიანება) მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ვინაობის დადგენაზე მუშაობენ, 69 გარდაცვლილიდან 66-ის იდენტიფიცირება უკვე შეძლეს. ამის შესახებ კასტილია-ლა მანჩის ავტონომიური ოლქის უმაღლესი სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 3 პირი – ავსტრალიის 2 და იაპონიის 1 მოქალაქე.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა კვლავ 69-ს შეადგენს. ამოცნობილია მატარებლების შეჯახების შედეგად გარდაცვლილი ესპანეთის ყველა (54 ) და უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე (აშშ-ის 4, არგენტინის, კანადის, ჩეხეთის, საფრანგეთის, იაპონიის, მექსიკის, პორტუგალიისა და ტუნისის თითო მოქალაქე).
უახლოეს საათებში მოხდება დარჩენილი სამი გარდაცვლილის იდენტიფიცირებაც, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. იმ დაღუპულ პირთა ოჯახის წევრები კი, რომელთა ვინაობაც უკვე დადგენილია, ესპანეთში ჩასვლას და იდენტიფიცირებისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობას პირადად აპირებენ.
ეს ინფორმაცია მონაცემთა ინტეგრირებულმა ცენტრმა (CID) შეაგროვა. CID-ი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ამოქმედდა ეროვნული პროტოკოლი, რომელიც მრავალი ადამიანის დაღუპვის შემთხვევაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებისა და კრიმინალისტიკური პოლიციის მუშაობას არეგულირებს.
როგორ ხდება დაღუპულთა იდენტიფიცირება?
66 დაღუპულიდან 53-ის ვინაობა თითის ანაბეჭდებით დადგინდა. შესაბამისი ექსპერტიზა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის კრიმინალისტიკურმა სამსახურმა ჩაატარა. დანარჩენი 13 პირის ვინაობა კი დნმ-ის ანალიზის საფუძველზე გაირკვა. ეს ანალიზი ტოქსიკოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა, სამოქალაქო გვარდიის კრიმინალისტიკურ სამსახურთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა.
60 იდენტიფიცირებული გარდაცვლილის (36 მამაკაცი და 24 ქალი) ოჯახს მათი დაღუპვის თაობაზე უკვე ეცნობა. დარჩენილი ექვსი იდენტიფიცირებული პირის ოჯახს შეტყობინება უახლოს მომავალში გაეგზავნება.
დაღუპულის იდენტიფიცირების ფაქტს მის ოჯახს პირადად, უშუალო შეხვედრის დროს ატყობინებენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოჯახს ეს ინფორმაცია მიეწოდება, გარდაცვლილის მონაცემები ოფიციალურ სტატისტიკაში შეაქვთ. ამ სტატისტიკას მონაცემთა ინტეგრირებული ცენტრი (CID) საჯაროდ ავრცელებს.
47 დაღუპულის ცხედარი ოჯახებს უკვე გადაეცა. გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, ტოლედოში მიმდინარე გვამების გაკვეთისა და დაღუპულთა იდენტიფიცირების პროცესში 60-ზე მეტი სპეციალისტი მონაწილეობს. მათ შორის არიან ტოლედოს, სიუდად-რეალისა და კასერესის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტების ექიმი-ექსპერტები, აგრეთვე ორი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომლებიც იუსტიციისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამინისტროს მრჩევლებად მუშაობენ.
გაკვეთის პროცესში მონაწილეობს 6 სპეციალისტი – სამი ტოლედოდან, ორი ალბასეტედან და ერთი გვადალახარიდან, ტოქსიკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის 9 სპეციალისტი კი გარდაცვლილთა დნმ-ის ანალიზს ატარებს.
თავის მხრივ, სამოქალაქო გვარდიის კრიმინალისტიკური სამსახური, თითის ანაბეჭდების მეშვეობით, დაღუპულთა ვინაობას ადგენს. სამსახური ასევე ატარებს იმ ადამიანების ოჯახის წევრებისგან აღებული დნმ-ის ნიმუშების ანალიზს, რომლებმაც ახლობლების დაკარგვის შესახებ განაცხადეს. ამ სამუშაოებში სულ 27 თანამშრომელია ჩართული.
ამ პერსონალის გარდა, ფუნქციონირებს მსხვერპლთა ოჯახების მხარდაჭერის სამსახური. მასში შედიან ტოლედოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის სამი ფსიქოლოგი და სახელმწიფო იურისდიქციის მქონე ორგანოების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის ერთი ფსიქოლოგი.