ესპანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საყოველთაო პროგრამას იანვარში დაიწყებს
ესპანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საყოველთაო პროგრამას იანვარში დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ელოდება, რომ ექვს თვეში ვაქცინაციის პროგრამა მოსახლეობის არსებით ნაწილს დაფარავს.
როგორც პედრო სანჩესმა აღნიშნა, ესპანეთი და გერმანია პირველი ევროპული ქვეყნებია, რომლებსაც ვაქცინაციის სრული გეგმა მზად აქვთ.
„იქნება ვაქცინაციის 13 000 პუნქტი“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე.
პედრო სანჩესის თქმით, ვაქცინაცია თავდაპირველად პრიორიტეტულ ჯგუფებს ჩაუტარდებათ. გეგმა მინისტრთა კაბინეტს 24 ნოემბერს წარედგინება.
როგორც „როიტერი“ წერს, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ესპანეთი ევროპაში მეორე ადგილზეა საფრანგეთის შემდეგ. ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 1,5 მილიონი შემთხვევა. გარდაიცვალა 46 619 ინფიცირებული.