ესპანეთი კატალონიის მოვლენებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს
ესპანეთი კატალონიის მოვლენებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს

ჩაერია თუ არა რუსეთი კატალონიის მოვლენებში ორი წლის წინ? – „დოიჩე ველე“ ( Deutsche Welle) ამ საკითხზე სტატიას ავრცელებს. ესპანეთი კატალონიის მოვლენებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს იძიებს. ესპანური გამოძიების ვერსიით, კატალონიის დამოუკიდებლობის უკანონოდ გამოცხადების წინ, რუსეთის წარმომადგენლები კატალონიელ პოლიტიკოსებთან კონტაქტზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია პირველად ესპანურმა გამოცემა „ელ პერიოდიკომ“ გამოაქვეყნა, რომელიც თავის მხრივ ბარსელონას მოსამართლე ხოაკინ აგირესს, ეროვნულ პოლიციასა და სამოქალაქო გვარდიას ეყრდნობა.

სწორედ ზემოთჩამოთვლილი უწყებები იკვლევენ სავარაუდო „რუსულ კვალს“ კატალონიის მოვლენებში. პუბლიკაციაში რუსეთის წარმომადგენელი, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, „პუტინის ემისრად“ არის მოხსენიებული. გამოძიების მიხედვით, სწორედ მასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას კატალონიელი პოლიტიკოსი ვიქტორ ტარადელიასი, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს. როგორც „ელ პერიოდიკო“ წერს, „პუტინის ემისარს“ კატალონიის ჟენერალიტეტის მაშინდელი მეთაური კარლეს პუიჩდემონიც შეხვდა.

გამოძიების ვერსიით, კარლეს პუიჩდემონმა კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, 2017 წლის 25 ოქტომბერს, „ვოთსაპის“ საშუალებით შუამავლისგან შეტყობინება მიიღო.

„ჩვენ ვკონტაქტობთ ამ ხალხთან. ისინი მოითხოვენ, რომ ჩინეთმაც თქვას თავისი სიტყვა. შენ კი, ვიდრე რაიმეს მოიმოქმედებდე, აუცილებლად უნდა გაესაუბრო ვიდეოზარით პუ-ს“, – ვკითხულობთ შეტყობინებაში. გამოძიება მიიჩნევს, რომ საუბარია ვლადიმერ პუტინზე.

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს ტარადელიასის მიერ პუიჩდემონისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, რუსეთის წარმომადგენელი პირდაპირ არის მოხსენიებული „პუტინის ემისრად“. პუიჩდემონი მასთან შეხვედრას კანონჟესის რეზიდენციაში ნიშნავს. ამ მოლაპარაკების შინაარსი კი უცნობია.

მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ზემოთ ხსენებული შეტყობინებები იქნა მიღებული, ესპანელმა სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კატმონში“ განხორციელებული ჩხრეკისას ამოიღეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი, სწორედ ვიქტორ ტარადელიასი იყო. აქვე იპოვეს კიდევ ერთი დოკუმენტი. კერძოდ, მოსაწვევი დამოუკიდებლობის გამოცხადების ცერემონიაზე. მოსაწვევში ვკითხულობთ: „ძვირფასო ვლადიმირ ვოლფის ძევ! ჩვენთვის ცნობილია თქვენი მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უფლებების დაცვის მხრივ, სწორედ ამიტომ გიწვევთ პარლამენტის სხდომაზე, სადაც კატალონიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდება“.

„ ელ პერიოდიკოს“ ცნობით, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და კატალონიელ პოლიტიკოსებს შორის შუამავალი, სწორედ რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი იყოს.

ცნობილია, რომ ტარადელიასსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე 2017 წლის სექტემბერში ტარადელიასი მოსკოვში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ „რუსული კვალის“ გამოვლენა შემთხვევით მოხდა, როდესაც გამოძიება კატალონიის მთავრობაში არსებულ კორუფციულ სქემაზე მოკვლევას აწარმოებდა და რომელთანაც კავშირი ტარადელიასს ჰქონდა.

„დოიჩე ველე“ პუიჩდემონსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების სავარაუდო თემასთან დაკავშირებით მადრიდის უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტოლოგ ფერნანდო გუტიერესსაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, კატალონიელ პოლიტიკოსებს მოსკოვისგან „მათი გეგმების პოლიტიკური მხარდაჭერა“ სჭირდებოდათ. ასეთივე მხარდაჭერას მოელოდნენ ჩინეთისგანაც, თუმცა კატალონიელები ჩინეთს დამოუკიდებელი კატალონიის მომავალი ცენტრალური ბანკისთვის, ასევე 11 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტსაც სთხოვდნენ. ჟენერალიტეტის წარმომადგენლებს გარე ძალებისგან დახმარება არ მიუღიათ, ვინაიდან კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ესპანეთის ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება ჰქონდა. ოფიციალურმა მადრიდმა რეგიონის დამოუკიდებლობა გააუქმა და ავტონომიური სტატუსი დროებით ჩამოართვა. ასევე დაითხოვა კატალონიის მთავრობა და პარლამენტი. დამოუკიდებლობის გამოცხადების მთავარი სულისჩამდგმელები კი დააპატიმრა.