ესპანეთი ევროთასების მატჩებზე მაყურებელს არ დაუშვებს
ესპანეთი ევროთასების მატჩებზე მაყურებელს არ დაუშვებს

ესპანური კლუბების საშინაო მატჩები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაყურებლების გარეშე ჩაივლის, – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის მთავრობამ. მან წერილი გაუგზავნა უეფას, რომელშიც წერია, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია საფეხბურთო მატჩებზე მაყურებლის დაშვება.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ნება დართო კლუბებს, თავისი ეგიდით გამართულ მატჩებზე ტრიბუნების 30 პროცენტი შეავსონ, ოღონდ, ამისთვის ადგილობრივი მთავრობის ნებართვაა საჭირო.

„მთავრობა კატეგორიულად გამორიცხავს გულშემატკივრისთვის სტადიონების გახსნას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პოზიცია 2020 წელს შეიცვალოს“, – წერია განცხადებაში.

პარასკევს, მადრიდში კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

ესპანეთიდან ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკო“, „რეალი“, „ბარსელონა“ და „სევილია“ თამაშობენ. ევროპის ლიგაზე ქვეყანა წარმოდგენილია „გრანადათი“, „სოსიედადით“ და „ვილიარეალით“.