ესპანეთის ნაკრები ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტია. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 15-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და 100:90 მოუგო ფინეთის ნაკრებს. ესპანეთი ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში. ეს სერია 1999 წლიდან იღებს სათავეს.
ესპანეთის კარგი სტარტის შემდეგ, ფინეთმა ინიციატივა მოიპოვა და პირველი მეოთხედი 30:19 მოიგო იმის მიუხედავად, რომ ლაური მარკანენმა მხოლოდ ორი ქულა ჩააგდო. მეორე მეოთხედში სკანდინავიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და 15 ქულას მიაღწია, თუმცა, ესპანელებმა დიდი შესვენებისთვის ცხრა ქულამდე შეამცირეს სხვაობა.
მეორე ტაიმი ესპანეთმა 16:3 გაქცევით დაიწყო და დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაწინაურდა – 60:57. ბოლო მეოთხედის წინ ესპანელთა უპირატესობა ექვს ქულას შეადგენდა, რაც კიდევ უფრო გაიზარდა დასკვნით 10-წუთეულში. ფინეთმა მოახერხა გაბრძოლება და სხვაობის ორ ქულამდე შემცირება – 82:84. მაგრამ ამას ესპანეთის 11:2 გაქცევა მოჰყვა, რომელიც რუდი ფერნანდესის ორი შორეული სამქულიანით იყო ინსპირირებული.
ძმებმა ერნანგომესებმა ჯამში 42 ქულა მოაგროვეს, ხოლო ფინეთს არ ეყო ლაური მარკანენის 28 ქულა და 11 მოხსნა.
ფინეთმა მატჩში 19 შეცდომა გაუშვა, რაც ესპანეთის 33 ქულაში აისახა.
ესპანეთი-ფინეთი 100:90
19:30, 24:22, 30:15, 27:23
ესპანეთი: ვ. ერნანგომესი (27), ბრაუნი (10+11 პასი), პარა (5), პრადილია (3), ლოპეს-აროსტეგი (2) – სასტარტო; ხ. ერნანგომესი (15), ბრისუელა (14), რუდი ფერნანდესი (11+5 ჩაჭრა), გარუბა (7), დიასი (6), ფერნანდესი (0).
ფ: მარკანენი (28+11 მოხსნა), იანტუნენი (18), სალინი (11), ჰაფი (5), მაკსჰუნი (2) – სასტარტო; მადსენი (13), ლიტლი (6+6 პასი), ვალტონენი (4), კოპონენი (3), კანტონენი (0).