ესპანელი მწვრთნელების დაპირისპირება ელიგაში - „შუქურა“ „დინამო თბილისთან“ ბოლო წამებზე დამარცხდა #1TVSPORT
ესპანელი მწვრთნელების დაპირისპირება ელიგაში - „შუქურა“ „დინამო თბილისთან“ ბოლო წამებზე დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში ქობულეთის „შუქურამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ერთ-ერთ ლიდერთან ბოლო წამებზე დამარცხდა – 2:3.

ისევე როგორც თბილისელები, „შუქურაც“ მოედანზე ესპანელმა მწვრთნელმა გაიყვანა – ქობულეთელების ახალ მთავარ მწვრთნელად 50 წლის კარლოს გონსალესი დაინშნა, ხოლო „დინამოში“ მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია გიორგი ლორიას, ასევე არ იყვნენ გიორგი ხარაიშვილი და ულად-ომარ იმრანი.

ქობულეთელებმა თამაში იღბლიანად დაიწყეს და პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. 30-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ალეკო ანანიძის ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნეს; 45+1-ე წუთზე კურიოზულ გოლით კი უპირატესობა გაზარდეს. ბექა ვერულიძემ მოედნის ცენტრთან ახლოს ჯარიმა შეასრულა და კარის ბადე ისე შეარხია, ბურთს მეკარემ, მცველებმა და შემტევებმა მიმართულება ვერ შეუცვალეს.

შესვენების შემდეგ „დინამომ“ სხვაობა სწრაფად გაათანაბრა – 46-ე წუთზე უსმანე კამარამ მცველების შეცდომით ისარგებლა, ხოლო 55-ე წუთზე დავით სხირტლაძემ წონასწორობა აღადგინა. გადამწყვეტი გოლი 90+4-ე წუთზე 19 წლის ჯადული იობაშვილის დარტყმას მოყვა – ბურთი საკუთარ კარში ალეკო ანანიძემ ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:3.

24 ტურის შემდეგ „შუქურამ“ 7 ქულა დააგროვა და კვლავ ბოლო ადგილზეა, „დინამო თბილისმა“ (47) კი ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ (52) ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირა.