ესპანელი ვეტერანი მსაჯი ანდუხარ ოლივერი აცხადებს, რომ ატლეტიკოს კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში, რომელიც ტურინში გაიმართა, ადგილობრივმა იუვენტუსმა მადრიდის ატლეტიკო ანგარიშით 3:0 დაამარცხა და პირველ მატჩში განცდილი მარცხისთვის (0:2) სრული რევანში აიღო.
პენალტი, რომელსაც ანდუხარ ოლივერი არ ეთანხმება, მატჩის 84-ე წუთზე დაინიშნა, როდესაც ატლეტიკოს საჯარიმო მოედანში ბერნარდესკი წააქციეს.
„ჩემი აზრით, პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ნამდვილად შეეხო კორეა ბერნარდესკის, მაგრამ არა იმდენად ძლიერად, რომ წაქცეულიყო“, – აცხადებს ოლივერი.
თერთმეტმეტრიანი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რაც ორი მატჩის ჯამში გამარჯვების გოლი გამოდგა და იუვენტუსი მეოთხედფინალში გავიდა.