ყატარში ჩატარებული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფების წილისყრის შემდეგ დიდი ყურადღება მიიპყრო B ჯგუფმა, სადაც საქართველოს ნაკრები მოხვდა ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად.
რა თქმა უნდა, ამ ჯგუფში პრობლემურია კოსოვო, რადგან ჯგუფიდან მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ შვედეთი სცნობს. ესპანეთი, საბერძნეთი და საქართველო კი არ აღიარებენ.
მატჩები უნდა ჩატარდეს, მაგრამ ესპანური მედია წერს, რომ ფიფა უნდა დათანხმდეს ზოგიერთ პირობას, რომელსაც ესპანელები ითხოვენ. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონსალეს ლაიამაც განაცხადა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მატჩები აუცილებლად გაიმართება.
„ეს ის პრობლემაა, რომელიც ფიფა-ს წესებით გადაწყდება. ეს ორგანიზაცია კი საკუთარ დებულებას უფრო წინ აყენებს, ვიდრე სახელმწიფოთა აღიარების საერთაშორისო კანონს. ის, რომ ჩვენ არ ვცნობთ კოსოვოს, არ ნიშნავს, რომ მას სპორტული აქტივობა ეკრძალება. კოსოვოსთან უკვე ვითამაშეთ ხმელთაშუა ზღვის თამაშებსა და ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ფიფასთან მატჩის გასამართად ზოგიერთ პირობაზე უნდა შევთანხმდეთ“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ესპანური მედია წერს, მათი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მოითხოვს, რომ სტადიონზე კოსოვოს სიმბოლოები არ იყოს, ანუ დროშის აღმართვისა და ჰიმნის შესრულების წინააღმდეგია.