„ესოშიეთიდ პრესი“ – ესპანეთის ანკლავ სეუტაში მოხვედრის მცდელობისას 18 მიგრანტი დაიღუპა 

12:41, 31.07.2026

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ბოლო 24 საათში სეუტას ტერიტორიაზე მაროკოდან ზღვითა და ხმელეთით, სულ მცირე, 49 000 მიგრანტი შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით კი, სულ მცირე, 18 მიგრანტი დაიღუპა ესპანეთის ანკლავ სეუტაში მოხვედრის მცდელობისას.

მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ათასობით ადამიანმა მაროკოს საზღვარი გაარღვია და ესპანეთის პატარა ტერიტორიაზე შეაღწია, ესპანეთმა სეუტაში სამხედრო ძალები განათავსა. მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი შინაგან საქმეთა მინისტრ ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან ერთად სეუტას ეწვიოს.

სამოქალაქო გვარდიის სუეტას პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა, რაჩიდ სბიჰიმ განაცხადა, რომ სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისია შექმნილი.

„ხალხი კვლავ შემოდის. ჩამოსული დამატებითი ძალები მხოლოდ დაშავებულების დახმარებასა და სხვა ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებენ“, – განაცხადა სბიჰიმ.

მისივე თქმით, შექმნილი იყო ქაოტური სიტუაცია, თავშესაფრის არქონის გამო ათასობით მიგრანტი, მათ შორის, უპატრონო არასრულწლოვნები, პარკებსა და ტროტუარებზე იძინებდნენ.

სბიჰის განცხადებით, 18 დაღუპულიდან ბევრი დაიხრჩო, თუმცა ზოგიერთი მათგანი ასევე დაიღუპა ჭყლეტის შედეგად, როდესაც ტარახალის სანაპიროზე ზღვის დამცავი ნაგებობისა და სასაზღვრო ღობის გადაკვეთას ცდილობდნენ.

როგორც მედია აღნიშნავს, ხალხის ჯგუფები, ძირითადად მაროკოელები, გადაადგილდებოდნენ ტარახალის სანაპიროს დამცავ ნაგებობებზე და გზებზე გადადიოდნენ. მათი უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცი იყო, თუმცა იყვნენ ოჯახებიც, ქალებითა და მცირეწლოვანი ბავშვებით.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მიგრანტების ასეთი დიდი რაოდენობით სეუტაში გადასვლა.

მსგავსი