„ესოშიეტიდ პრესი“ - აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ინსპექტირებას ახორციელებენ
„ესოშიეტიდ პრესი“ - აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ინსპექტირებას ახორციელებენ

უკრაინაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედროების მცირერიცხოვანი რაოდენობა გასვლით ინსპექციას ახორციელებს, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სათანადოდ აღრიცხავენ დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანს, რომელიც მედიას ანონიმურად ესაუბრა, არ უთქვამს, კონკრეტულად სად ტარდება ინსპექტირება ან რამდენად ახლოს არიან ამერიკელი სამხედროები ფრონტის ხაზთან.

მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები ვერ ახორციელებენ ინსპექციას ფრონტის ხაზის სიახლოვეს, თუმცა ისინი გაემგზავრებიან იქ, სადაც ამის საშუალებას უსაფრთხოების პირობები იძლევა.

მაღალჩინოსნის თქმით, ჩატარდა რამდენიმე ასეთი ინსპექტირება. ინსპექტირებას ატარებს აშშ-ის თავდაცვის ატაშე და კიევში არსებული თავდაცვითი თანამშრომლობის აშშ-ის ოფისის გუნდი.

როგორც მედიას პენტაგონის წარმომადგენელმა განუცხადა, ამ დრომდე უკრაინელი მაღალჩინოსნები ავლენენ გამჭვირვალობას იარაღის განაწილებასთან დაკავშირებით და ინსპექციას მხარს უჭერენ.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ეს ძალისხმევა არის გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული უფრო ფართო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი არ აღმოჩნდეს რუსეთის ძალების, მათი მარიონეტების ან სხვა ექსტრემისტული ჯგუფების ხელში.