„ესოშიეტიდ პრესი“ - აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში წერია, რომ ჩინეთმა დამალა ეპიდემიის მასშტაბები, რათა სამედიცინო აღჭურვილობა მოემარაგებინა
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ჩინეთმა დამალა კორონავრიუსის ეპიდემიის მასშტაბები და ის, თუ რამდენად გადამდებია დაავადება, რათა ეპიდემიაზე რეაგირებისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა მოემარაგებინა. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია სპეცსამსახურების დოკუმენტებში.
„ესოშიეტიდ პრესმა“ მოიპოვა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაზვერვის ოთხგვერდიანი ანგარიში, რომლის თანახმადაც, ჩინეთმა მსოფლიოს მიზანმიმართულად დაუმალა პანდემიის სერიოზულობა იანვრის დასაწყისში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბების დამალვის პარალელურად, ჩინეთმა სამედიცინო აღჭურვლობის იმპორტი გაზარდა, ექსპორტი კი – შეამცირა. სააგენტოს მიერ მოპოვებული ანგარიშის თანახმად, ჩინეთმა თითქმის მთელი იანვრის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აცნობა, რომ კორონავირუსი გადამდები იყო და ამ პერიოდში გააგრძელა სამედიცინო აღჭურვილობის საზღვარგარეთიდან შეკვეთა. ამგვარად, ქვეყანამ მკვეთრად გაზარდა პირბადეების, სამედიცინო ხალათებისა და ხელთათმანების იმპორტი. ამას ადასტურებს ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლების ცვლილებები.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის შესახებ მსოფლიოს დაგვიანებით გაფრთხილებასა და ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.