„ესოშიეითიდ პრესი“ – პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა უარი თქვა უკრაინაში „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ მუშაობის შეფერხებების გამოძიებაზე
პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა უარი თქვა უკრაინაში „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ მუშაობის შეფერხებების გამოძიებაზე. ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს.
ორპარტიულმა ჯგუფმა (ოთხმა რესპუბლიკელმა და ხუთმა დემოკრატმა სენატორმა) ინსპექტორს გამოძიება სთხოვა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ილონ მასკის „სტარლინკსა“ და მის სამხედრო ვერსიას, „სტარშილდს“ კავშირის სიჩქარე შეეზღუდა.
ინსპექტორი აღნიშნავს, რომ მათ შეშფოთებას საჰაერო ძალები უკეთ უპასუხებს.
კონგრესმენის ერთ-ერთი თანაშემწის შეფასებით, ეს არის გამოძიებაზე უარი, მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტორს ამის სრული შესაძლებლობა აქვს.
სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ინსპექტორის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციასა და SpaceX-ს შეფერხებების მიზეზებზე ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა აქვთ, ამიტომ დამოუკიდებელი შემოწმებაა საჭირო.