„ეს სისულელეა“ - კონორ ო'ში საქართველოს ექვს ერში შესვლაზე საუბრობს
„ეს სისულელეა“ - კონორ ო'ში საქართველოს ექვს ერში შესვლაზე საუბრობს

პოპულარულმა სარაგბო გამოცემამ, „RugbyPass“-მა, საქართველოს ნაკრების შესახებ იტალიის მთავარი მწვრთნელის, კონორ ო’შის კომენტარი გაავრცელა. იტალიელთა თავკაცმა „ექვს ერზე“ და საქართველოს ამ ტურნირში ჩართვის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

საქართველო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო ტურნირში ჩართვის კანდიდატი რუმინეთის ნაცვლად გახდა, ხოლო იტალიელებს, რომლებიც „ექვს ერში“ 2000 წლიდან ასპარეზობენ, უკვე 13 „ხის კოვზი“ (სიმბოლური ჯილდო, რომელიც ბოლო ადგილოსანს გადაეცემა) აქვთ.

ო’შის იტალია ივნისში იაპონიას ესტუმრა და ორი შეხვედრიდან ერთი მოიგო. საგულისხმოა, რომ ორი იტალიური კლუბი „ბენეტონი“ და „ტრევიზო“ „პრო 14“-ში ასპარეზობენ და მათი ასაკობრივი ნაკრებები ამ ბოლო დროს განსაკუთრებით კარგად გამოიყურებიან.

იტალიელთა შემოდგომის ტესტ კალენდარი ასეთია – ირლანდია (3 ნოემბერი), საქართველო (10 ნოემბერი), ავსტრალია (17 ნოემბერი) და ახალი ზელანდია (24 ნოემბერი).

ო’ში აქცენტს პირველ, ირლანდიასთან შეხვედრაზე აკეთებს, თუმცა აღიარებს, რომ საქართველოსთან მატჩი გარკვეულ საუბრებს გამოიწვევს.

„მე ვიცი, რომ კვლავ დაიწყება საუბარი, მაგრამ იტალიამ „ექვს ერში“ ადგილი დაიმსახურა. ვიცით, რომ ხალხი უკვე აქტიურად გამოხატავს საკუთარ აზრს ამ საკითხზე და ამას ჩვენი თამაშით შევცვლით. იაპონიაში თამაში მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ, მაშინ როდესაც საქართველო 28-0 დამარცხდა. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ჩვენ მძლავრი შერკინების ხარჯზე ვთამაშობთ და ამის გაკეთება მხოლოდ 60 წუთის მანძილზე შეგვიძლია, მაგრამ ეს სისულელეა. ჩვენს მომავალს პოზიტიურად ვუყურებ. უკვე ვხედავთ, რომ გუნდში ძალიან კარგი მოთამაშეები არიან და გაუმჯობესებული ფიზიკური კონდიციების ხარჯზე ამბიციური რაგბის თამაშს ვაპირებთ.“ – განაცხადა იტალიელთა თავკაცმა.

კონორ ო’შიმ იტალიელთა 35 წლის ლეგენდაზე, სერჟიო პარისეზეც ისაუბრა და თქვა, რომ მესამეხაზელი კვლავ გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება – „გუნდი იცვლება და ჩვენ ნაბიჯებს წინ ვდგამთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისეთი გამოცდილი მოთამაშეების ადგილი არ გვაქვს, როგორიც სერჟიოა. გუნდი დიდი ხანია ერთად ვარჯიშობს და ბევრი ახალი სახეა. ჯეიკ პოლედრის ვაკვირდებოდი, როდესაც ის „ჰართფურის კოლეჯში“ ასპარეზობდა და თუკი ის საკუთარ უნარებს უფრო მაღალ დონეზეც გამოავლენს, ეს ძალიან დაგვეხმარება.“

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები“ იტალიელებს მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან. მატჩი იტალიელთა გამარჯვებით – 31:22 დასრულდა.