ეს მატჩები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს - ფუტსალის ნაკრების მწვრთნელმა მოლდოვასთან ამხანაგური შეხვედრები შეაფასა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა მოლდოვასთან გამართული ორი ამხანაგური შეხვედრა შეაფასა, რომლებიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით (3:2, 3:1) დასრულდა.
„ძალიან კარგი მატჩები გამოვიდა. მაინტერესებდა, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭები ასეთ მეტოქესთან შეხვედრებს რა დონეზე ჩაატარებდნენ. ვფიქრობ, ამ დროისთვის მაქსიმუმი გააკეთეს, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. აშკარად დავინახე, რომ ვცდილობდით, ის გაგვეკეთებინა, რაზეც შეკრების დროს ვიმუშავეთ, ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ ბევრი ამხანაგური მატჩის ჩატარება შეგვიძლია, რათა ეს ახალგაზრდა ბიჭები საქმეში ვნახოთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.
კომენტარი გააკეთა საქართველოს ფუტსალის ნაკრების დებიუტანტმა, საბა ტყეშელაშვილმაც, რომელმაც მოლდოვასთან მეორე მატჩში პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა: „ვინც ფუტსალს პროფესიულ დონეზე თამაშობს, ნაკრებში მოხვედრის სურვილი ყველას აქვს. როდესაც შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეძლევათ, სხვებისთვის ეს დამატებითი სტიმულია. ეროვნულ გუნდში სასიამოვნო გარემოა და გამოცდილი ფეხბურთელებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება“.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 7 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში, სტუმრად ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.