ეს გამარჯვება კვლავ წამოჭრის დისკუსიებს 6 ერის შესახებ - ფრანგები და უელსელები „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებაზე წერენ #1TVSPORT
ეს გამარჯვება კვლავ წამოჭრის დისკუსიებს 6 ერის შესახებ - ფრანგები და უელსელები „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებაზე წერენ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების იტალიასთან გამარჯვების შემდეგ, უცხოურ მედიაში საუბარი არ წყდება ამ ისტორიული დღისა და „ბორჯღალოსნების“ 6 ერის ტურნირზე გაწევრიანების შესახებ.

ფრანგული გამოცემა Lequipe დავით ნინიაშვილის თამაშს გამოყოფს და 6 ერის შესახებ წამოჭრილ დისკუსიებზეც წერს.

„ისტორიული მოვლენებით სავსე შაბათ-კვირას საქართველომაც მიიღო მონაწილეობა. ქართველებმა კვირას ბათუმში, 2020 წელს აშენებულ სტადიონზე, იტალიის ნაკრები 28:19 დაამარცხეს. ამ შედეგმა მატჩის ბოლოს სტადიონის „აფეთქება“, ფოიერვერკი და მოედანზე მამუკა გორგოძის გამოჩენა გამოიწვია, „მონპელიესა“ და „ტულუზასექს-მესამეხაზელის, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად ამ მოვლენას აღნიშნავდა.

„ლიონის“ დავით ნინიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ორი ბრწყინვალე მოქმედების ავტორმა მატჩის მე-14 და 36-ე წუთებზე თედო აბჟანდაძეს 2 ლელო დაადებინა, 19 წლის მორაგბე დაცვაშიც შესანიშნავად ირჯებოდა და შეხვედრის ბოლოს ჯარიმაც მოიპოვა, რომელიც 56 მეტრიდან გელა აფრასიძემ ზუსტად შეასრულა.

6 ერის ბოლო ტურნირზე უელსთან გამარჯვების შემდეგ, იტალიის ნაკრები მიწაზე დაენარცხა. ამ გამარჯვებამ, შესაძლოა, კვლავ წამოჭრას დისკუსიები 6 ერის ბოლოადგილოსნის B დივიზიონის გამარჯვებულით ჩანაცვლების შესახებ.“

„ბორჯღალოსნების“ ამ გამარჯვებას უელსური გამოცემა walesonline-იც გამოეხმაურა.

„საქართველომ იტალიასთან გამარჯვებით ახალი ისტორია შექმნა. მღელვარე ტრიბუნების წინაშე ლევან მაისაშვილის გუნდმა პირველად დაამარცხა ტიერ 1-ის წარმომადგენელი. მოწოდებები, 6 ერის ტურნირზე აღმოსავლეთ ევროპელების გაწევრიანების შესახებ, უფრო მოიმატებს. ამის მიზეზი კი მათ ბათუმის სტადიონზე შექმნეს.

ბათუმის არენაზე ხმაურიანი გულშემატკივრების წინაშე თედო აბჟანდაძემ 20 ქულა დააგროვა იტალიელების წინააღმდეგ, რომლებმაც უელსი კარდიფში დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები უელსს წელს, შემოდგომაზე და მომდევნო წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე დაუპირისპირდება.“

საქართველოს ნაკრები, იტალიასთან მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, მომდევნო ტესტ-მატჩს 16 ივლისს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.