ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 29 547-მა ადამიანმა გაიარა
ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 29 547-მა ადამიანმა გაიარა

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, დღეს 12:00 საათის მონაცემებით, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით 29 547 ადამიანია დარეგისტრირებული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს.

რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კომპენსაციების მიმღები პირები, რეგისტრაციის მიზნით უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს.

კერძოდ, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი.

ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები; მეწარმე ფიზიკურ პირები; პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას; მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები; ინდივიდუალური მეწარმეები.

კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა. მიღებული განაცხადების დამუშავება და კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); საბანკო რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი).

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან შემოსავლების სამსახურში, განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge და უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ასევე, ფიზიკურმა პირმა უნდა ატვირთოს შემოსავლის მიღების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი – მაგალითად, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია; საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი და სხვა.

განაცხადს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის 75 მილიონი ლარია გათვალისწინებული და შესაბამისად, 250 ათას ბენეფიციარზეა გათვლილი.