ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება, – ამის შესახებ პირველ არხს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განუცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნებათ. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

ამასთან, სოფო გორგოძე მოუწოდებს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ რეგისტრაციის ვადებზე და სხვა შესაბამის ინფორმაციაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა, მაგისტრანტებმა და სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის ვადებსა და ყველა ინფორმაციას, რომელიც ხვალ დილიდან დაიდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ.

ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა.შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც – „ცნობარი აბიტურიენტისთვის“.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიღაც მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებული კანდიდატები ტესტის ტიპის შეცვლას 7 მაისის 18:00 საათამდე შეძლებენ.