ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯანდაცვის ორგანიზაციების ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით დაცული იქნება
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯანდაცვის ორგანიზაციების ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით დაცული იქნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს, ზედმიწევნით შესრულდება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან გაიცა.

მისივე თქმით, პირველი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია დისტანციის დაცვას ეხება.

„ვიძლევით პირობას, რომ ზედმიწევნით შევასრულებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაიცა. პირველი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ეხება დისტანციის დაცვას. რეკომენდაციის მიხედვით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ გამოვიყენოთ სამუშაო ფართის მხოლოდ 50 პროცენტი, შესაბამისად, თითოეულ სექტორში მერხებს შორის დაშორების რეკომენდაცია არის ორი მეტრი და ჩვენ მოვახერხებთ, რომ სამ მეტრ ნახევარი იყოს სიგანეში ეს დაშორება, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მერხებს შორის დაშორება რეკომენდებულია ერთი მეტრი და ერთ მეტრზე ცოტა მეტი იქნება დაშორება ამ შემთხვევაში“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.

გორგოძის განმარტებით, თითო სექტორში სულ 10 აბიტურიენტი იქნება წარმოდგენილი.

„ასევე თითეულ მერხს წინ დამონტაჟებული ექნება გამჭვირვალე ფარი, ბარიერი, რომელიც გარდა პირბადისა, რომელიც აუცილებელია და თუ აბიტურიენტი არ მოიტანს, ჩვენ მას შევთავაზებთ, ეს იქნება დამატებითი დაცვა აბიტურიენტებისთვის. თითეული მერხი ასეთი ფარით იქნება აღჭურვილი“,- აღნიშნა გორგოძემ.